“ფრთხილად, საშიში ტენდენციაა – ამით უკან ბრუნდება ნაცების დროინდელი კანონი, სადაც თეატრს მმართველი ხელმძღვანელობდა” – გუბაზ მეგრელიძე

ავტორი გუბაზ მეგრელიძე
89 ნახვა

ფრთხილად, საშიში ტენდენციაა…!

საქართველოს პარლამენტში შევიდა ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ხალხის ძალის“ კანონპროექტი ,,პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ. საინტერესოა, რომ ეს პროექტი წარადგინეს ისეთმა ადამიანებმა, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ თეატრთან და საეჭვოა, რომ გარკვეული ნაწილი საერთოდ ყოფილიყოს თეატრში.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ 2024 წლის 1 სექტემბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოებას აცნობა, რომ იგეგმებოდა ახალი კანონპროექტის მიღება და ამ ცვლილებების ავტორი კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყო, რომელიც ახლა გაქრა და მხოლოდ პარლამენტის პრეროგატივა გახდა. საკითხავია, რატომ არ იყო ჩართული პარლამენტის კულტურის კომიტეტი? რატომ არ გააცნეს კანონპროექტი თეატრის მუშაკებს და  რატომ  ერთობლივად  არ შეაჯერეს ?!

საშიში ტენდენცია ის გახლავთ, რომ ამით უკან ბრუნდება ნაცების დროინდელი კანონი, სადაც თეატრს მმართველი ხელმძღვანელობდა. ,,ოცნების“ მოსვლისთანავე დაიწყო ახალ კანონპროექტზე მუშაობა, ვინაიდან ეს ვარიანტი მიუღებელი იყო ხელოვნების მუშაკებისთვის და ინიციატივაც მაგ დარგის მაშინდელმა 7-მა დეპუტატმა გამოიჩინა. მაშინ აღნიშნავდნენ, რომ თეატრისთვის ასეთი მმართველობა მიუღებელი იყო, ვინაიდან მმართველი განასახიერებდა პოლიტიკურ ფიგურას და მხოლოდ ხელისუფლების ნების აღმსრულებელი იყო. სწორედ მაშინ მთავრობის კრიტიკისთვის თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლეს რობერტ სტურუა, ასევე  მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან უკანონოდ გაუშვეს 30 მსახიობი, რასაც საზოგადოებრივი დაძაბულობა მოჰყვა. თუ ასეთი ტენდენცია მიუღებელი იყო, ახლა სრულიად მისაღები და აუცილებელიცაა ამჟამინდელი მთავრობისთვის, ვინაიდან თეატრებზე კონტროლი აღარ აქვთ და ხელოვანებიც საპროტესტო აქციებით გამოვიდნენ ქუჩებში. არადა, არსებული კანონით მისთვის სანდო დირექტორის კანდიდატურას სამხატვრო ხელმძღვანელი წარადგენდა და მათ შორის ურთიერთობა სრულად ჰარმონიული იყო. ამჯერად კი დირექტორს მინისტრი დანიშნავს, რომელიც უსიტყვო მორჩილებით შეასრულებს ყველა მის დავალებას.

ამ არალოგიკური ცვლილებების გასამართლებლად ნათქვამია: ,,…თეატრის მართვის აღნიშნული ფორმა მოქნილი არ არის და თანამედროვე გამოწვევების გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს. მოქმედი კანონით განსაზღვრული თეატრების სტრუქტურისა და მართვასთან დაკავშირებული საკითხები, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, თეატრის სპეციფიკას და გამოწვევებს ვეღარ პასუხობს“.   აქ საღი აზრი  არ იკითხება, დამეთანხმებით. თუ 14 წლის განმავლობაში  მათივე მიღებული კანონი სრულიად მისაღები იყო, შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც სამხატვრო ხელმძღვანელები ჩაუდგნენ სათავეში აქციებს, რაღა თქმა უნდა, მიუღებელი აღმოჩნდა. ეს გახლავთ რეპრესიული მექანიზმი ხელოვანთა თავისუფალი აზრის ჩასახშობად. ამიტომ ამბობენ, ,,… არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, თეატრის სპეციფიკას და გამოწვევებს ვეღარ პასუხობს“. თეატრის კი არა, ხელისუფლების სასურველ სპეციფიკას ვერ პასუხობს და ამიტომ ხელის შემშლელ პირობებს ქმნიან თავისუფალი აზრის გამომხატველი ხელოვანების ნაწარმოების ჩასახშობად.

შემდეგ ვნახოთ: ,,თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელისა და თეატრის დირექტორის თანამდებობების ერთდროულად არსებობა იწვევს მათ შორის უფლებამოსილების აღრევას, მართვის შეფერხებასა და თეატრის სათანადო ფუნქციონირებას ვერ უზრუნველყოფს“. სრული დემაგოგიაა. ამ მდგომარეობის დასადგენად სპეციალური კომისიის შექმნა და ადგილზე ვითარების შესწავლა იყო საჭირო, რაც არ გაკეთებულა და არცერთ თეატრში არსებული მდგომარეობა არ მოუკითხავთ. ორივე თანამდებობას თავისი განსაზღვრული კომპეტენციები აქვს და მათი აღრევა შეუძლებელია. მართვის შეფერხებაც შეუძლებელია, ვინაიდან სამხატვრო ხელმძღვანელი მისთვის მისაღებ კანდიდატურას ნიშნავს. ახალი რედაქციით, არსებული სამხატვრო ხელმძღვანელები ავტომატურად თეატრის დირექტორებად დაინიშნებიან. ახლა საკითხავია, რეჟისორებმა სპექტაკლების დადგმებსა და მხატვრული სტილის განვითარებაზე უნდა იფიქრონ თუ ბუღალტერიას, ლურსმანსა და ჩაქუჩს სდიონ?! მენეჯერისა და ხელოვანის პროფესიები სხვადასხვაა და არცთუ ისე ხშირად ემთხვევა ერთმანეთს… ძნელია ერთმა პიროვნებამ უზრუნველყოს შემოქმედებითი, ფინანსური, ადმინისტრაციული, ტექნიკური და ორგანიზაციული საქმიანობა.

კანონპროექტში არ არის დაკონკრეტებული მოსალოდნელი რეფორმის აუცილებლობა, იმის გარდა, რომ უნდათ თეატრს ერთპიროვნული და ხელისუფლებისთვის მისაღები ადამიანი მართავდეს. სწორედ ეს არის ამ კანონის მიზანი. ამიტომ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით ,,დირექტორი პასუხისმგებელია თეატრის საქმიანობაზე და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის ჯეროვნად წარმართვაზე.“

ასევე დირექტორი უნდა იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი, მაგრამ დაკონკრეტებული არ არის სახელოვნებო დარგის თუ სხვა პროფესიის, რაც გაურკვევლობას ქმნის. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამხატვრო ხელმძღვანელს. სხვათა შორის სამხატვრო ხელმძღვანელი სხვა მუხლებშიც გვხვდება და საინტერესოა უყურადღებობით გამორჩათ თუ არა ,,კანონმდებლებს“ ის გარემოება, რომ ეს თანამდებობა კანონის დასაწყისშივე გააუქმეს და იგი დირექტორს აჰკიდეს ტვირთად. თ) ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის გაუქმების შემთხვევაში აუცილებელია სამხატვრო საბჭოს არსებობა, რომ თეატრმა ნორმალურად იფუნქციონიროს. პარლამენტარებს უნდა ვამცნო, რომ სამხატვრო საბჭოები თეატრებში არ არსებობს და კანონში მხოლოდ ფიქტიურია.

სრულიად გაუგებარია მ) ქვეპუნქტი, სადაც დირექტორი ,,უფლებამოსილია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება (უფლებამოსილების დელეგირება თეატრის დირექტორს არ ათავისუფლებს თეატრის საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან)“. არ არის განმარტებული, ვის უკეთებს დელეგირებას, რაც სამომავლოდ გაუგებრობის წარმოქმნის საფუძველია და ზედმეტი ინტრიგის ბუდედ არ უნდა იქცეს თეატრში.

მე-4 პუნქტით ,,პროფესიულ სახელმწიფო თეატრში თეატრის დირექტორს საკუთარი შეხედულებით ნიშნავს მინისტრი. მინისტრი ასევე უფლებამოსილია, თეატრის დირექტორი დანიშნოს კონკურსის საფუძველზე, ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს წარდგინებით. ან/და უარი თქვას მათი წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და დირექტორი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით.“ თუ მინისტრი საკუთარი შეხედულებით ნიშნავს დირექტორს, მაშინ დანარჩენი ქმედებები ფიქციაა. უფრო მძიმე იქნება დირექტორის დანიშვნა მუნიციპალურ თეატრებში, სადაც მე-10 მუხლის მე-7 პუნქტით სარეკომენდაციო საბჭოების არ არსებობის გამო ქალაქის მერმა თავისი შეხედულებით შეიძლება თეატრისგან შორს მდგომი ან პარტიული პირი დანიშნოს. ასეთი ,,ალტერნატივა“ საშუალებას იძლევა მინისტრმა პირდაპირ მიიღოს გადაწყვეტილება და სხვა ვარიანტები მხოლოდ ,,დემოკრატობანას“ თამაშია, რომელსაც სასურველი შედეგი არ მოჰყვება.

ამ შემთხვევაში  ძალიან ცუდ და კომიკურ შედეგს მივიღებთ. მსგავსი მაგალითი ისედაც გვაქვს. თელავის თეატრში აგერ 14 თვეა დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელის დროებით შემსრულებლად დანიშნული იყო ინდმეწარმე მიხეილ გენგაშვილი, რომელიც პარალელურად არის საკვების ობიექტის მეპატრონე. თავიდანვე დირექტორად დანიშნეს, ხოლო შარშან თებერვალში კულტურის მინისტრმა სრულიად გაურკვეველი მიზეზით სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებაც აჰკიდა. ახლახან კი, 2025 წლის 17 თებერვალს,  დირექტორად ზაქარია რაზმაძე დაინიშნა, რომელიც ამავე დროს ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორიცაა და ახალი კანონის მიღების წინსწრებით დაევალა სამხატვრო ხელმძღვანელობაც და ამავე დროს ინდმექარმეცაა (იგი  არის: შპს ,,რაზას”და ,,ზუზ-10“-ის დირექტორი, მასვე ეკუთვნის შპს ,,ნნნ’’-25%, შპს ,,რაზა’’-100%, შპს ,,უზადო-7’’-20%). საინტერესოა, რომ იგი მიხეილ გენგაშვილის მიერ მისი კანდიდატურის წარდგენის დღესვე დაინიშნა. დავიჯერო, თელავში ან მთელ საქართველოში პროფესიონალი რეჟისორი ვერ მოიძებნა, რომ შემთხვევით ადამიანებს არ ნიშნავდნენ? მოგეხსენებათ, კულტურის ცენტრის საქმიანობა საგრძნობლად განსხვავდება თეატრისგან. ამას გარდა, თეატრი საჯარო იურიდიული პირია, რომლის ხელმძღვანელსაც ეკრძალება კომერციული საქმიანობა, მაგრამ ამას თელავში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს…

მეტსაც გეტყვით, ნაციონალების დროს თეატრის დირექტორად დაინიშნა მერაბ ხიზანიშვილი, რომელიც ამავე დროს მეღორეობის ფერმის გამგე იყო. მან მოსვლისთანავე განუცხადა დასს, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ თეატრში არავინ დავინახოოო… ხოლო როდესაც საჭირო გახდა ახალი სპექტაკლისთვის პერსონაჟთა ფეხსაცმელების შეკვეთა, განაცხადა, რომ საწყობში უამრავი ფეხსაცმელია და შეარჩიეთო… ერთხელაც დასმა მას დანიშვნასთან დაკავშირებით მისალოცი დეპეშა გაუგზავნა კ. სტანისლავსკის სახელით. კაცი გახარებული იყო და ამაყობდა – აი, ვინ მომილოცაო… ხოლო სამი წლის წინ სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობას ცოტა ხნით, შეთავსებით მთავარი ბუღალტერი ასრულებდა. თეატრის მეტი დაცინვა გაგონილა?!

კიდევ უფრო დიდ უვიცობას ვაწყდებით შემდეგ წინადადებაში: ,,…მოქმედი კანონმდებლობა თეატრის ხელმძღვანელის დანიშვნის ვადებთან დაკავშირებით, იმპერატიულ ნორმებს შეიცავს, კონკურსის წესით ხელმძღვანელის დანიშვნას არ ითვალისწინებს, კონკურსის წესით ხელმძღვანელის დანიშვნას არ ითვალისწინებს და, სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს სათანადოდ არ აწესრიგებს“. კარგი იქნებოდა, პროექტის ავტორებს მოქმედი კანონი წაეკითხათ. კანონი იმპერატიულ ნორმებს უნდა შეიცავდეს აბა რა კანონი იქნება მაშინ!  უფრო მეტი, თანაც დაუსაბუთებელი, იმპერატივია ამ კანონპროექტში. სწორედ კონკურსის წესია განსაზღვრული: ცხადდება კონკურსი, რომლის შემდეგაც კანდიდატებს არჩევს მინისტრი და განსახილველად უგზავნის მრჩეველთა საბჭოს, რომელიც კენჭისყრით გამოავლენს გამარჯვებულს – ეს არ არის კონკურსი?! ხელმძღვანელი კი თავისუფლდება  4 – წლიანი ვადის ამოწურვისას, ამასთანავე მას  შეუძლია კიდევ ერთი ვადით ამ თანამდებობის დაკავება. განა ეს არ არის განმარტება?! თეატრის ხელმძღვანელად ისედაც ითვლება სამხატვრო ხელმძღვანელი და რა აზრი აქვს დირექტორად გადაყვანასა და სახელის შეცვლას?! მე გეტყვით – ეს იქნება არა შემოქმედებითი, არამედ პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს დასის მორჩილებას ხელისუფლების მიმართ. აი, ეს გახლავთ მთავარი!

თუკი თეატრში  ვაკანსია არ აღმოჩნდება, დირექტორს 3 თვის კომპენსაციით პანღურით მოისვრიან და მის შრომით მოწყობაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ამავე დროს, ეს გახლავთ პიროვნების დისკრედიტაცია, ვინაიდან სრულიად უდანაშაულო ადამიანი უფრო დაბალ თანამდებობაზე აღმოჩნდება, რაც ადამიანის უფლებების დარღვევაა.

ამას გარდა, კანონპროექტის სათაურიდან უნდა ამოეღოთ ზედმეტი სიტყვა ,,პროფესიული“, ვინაიდან სახელმწიფო მხოლოდ პროფესიულ თეატრებს განაგებს. აგრეთვე ,,სამხატვრო ხელმძღვანელი“, რომელიც ამ კანონპროექტით უქმდება. აქედან გამომდინარე, ვინაიდან თეატრს ერთპიროვნულად დირექტორი ხელმძღვანელობს, სავალდებულო უნდა იყოს სამხატვრო საბჭოს შექმნის აუცილებლობა. კანონის ,,პროფესიული თეატრების შესახებ“ მიღებისთანავე გამოითქვა საყვედური იმის გამო, რომ სახალხო თეატრები სტატუსის გარეშე რჩებოდა. ამიტომ ამ კანონპროექტში სათაურიდან უნდა მოიხსნას სიტყვა ,,პროფესიული“ და დაერქვას კანონი ,,თეატრების შესახებ“, რათა უფრო ფართოდ აისახოს თეატრალური სფერო. ვინაიდან კურიოზს ვხვდებით ზოგადი დებულებების პირველი თავის მე-2 მუხლში შესული ამოცანების ა) ქვეპუნქტში ვკითხულობთ თეატრების ჩამონათვალს, პროფესიული სახელმწიფო, მუნიციპალური, შერეული და კერძო თეატრები. კანონპროქტში კი მხოლოდ სახელმწიფო თეატრია ნახსენები. სად უნდა აისახოს შერეული, კერძო და სახალხო თეატრები?!

მუნიციპალური თეატრების საკითხი რეგულირდება ,,საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, მე-16 მუხლის (მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები) ტ) პუნქტით, რომლითაც დავალებულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, შერეული და სახალხო თეატრები არსად იხსენიება. უფრო მეტიც, სახალხო თეატრებს ხელმძღვანელობდა საქართველოს ხალხური შემოქმედების სამეცნიერო-მეთოდური ცენტრი, რომელიც 2003 წელს ფოლკლორის ცენტრს შეუერთდა, ხოლო 2012 წლიდან სახალხო თეატრების კურატორობა კულტურის სამინისტრომ იკისრა, რასაც კოორდინაციას უწევდა რეგიონებთან ურთიერთობების სამმართველო, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა და ადგილობრივ მუნიციპალურ მმართველობაში გადავიდა, სადაც კულტურის ცენტრთა შემადგენლობაში შევიდა. სამწუხაროდ, ეს ღონისძიება არასრულყოფილი და მოუქნელი აღმოჩნდა, ვინაიდან სათანადო ყურადღება აღარ მიექცა. ამიტომაც ეს საკითხი კანონმა უნდა დაარეგულიროს.

კანონპროექტიდან ამოღებულია ორი მუხლი: მე-14 მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისთვის და მე-15 მუხლით განსაზღვრული  გარდამავალი დებულებანი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე თეატრის დაარსების შესახებ. ეს გაურკვეველია, ვინაიდან არსებობს ცხინვალის თეატრი და წარმატებითაც მოღვაწეობს.

გასაგებია, რომ პასუხისმგებლობის აღების დაკისრება არავისთვის არ უნდათ. მე-15 მუხლის ამოღება ეფუძნება 2013 წლის კანონის მეორე თავის მე-5 მუხლის 1 და 3 ქვეპუნქტს, რომლითაც თეატრი კულტურის სამინისტროს დაექვემდებარა. თუმცა სხვა თეატრის დაარსების შესაძლებლობა დაუტოვეს მე-15 მუხლის 1, 2 და 3 ქვეპუნქტებით.

ვფიქრობ, აუცილებელია თეატრის მოღვაწეებთან ერთად ეს კანონი საფუძვლიანად განიხილონ და სათანადო რეალური შესწორებები შეიტანონ. კმარა გაუმართლებელი ექსპერიმენტები და არაკომპეტენტური კანონები, რომლებიც ხელს უშლიან თეატრების ნორმალურ მუშაობას. გასაკვირია, რომ ოფიციალურად მუშაობაში არ არის ჩაბმული პარლამენტის კულტურის კომიტეტი, რომელსაც შეეძლო სპეციალისტებთან შეხვედრის ორგანიზება, რათა საქმე ასეთ კურიოზამდე არ მიეყვანა. თეატრის დირექტორი უნდა იყოს ავტორიტეტული და პროფესიონალი პიროვნება,  კანონპროექტი კი სხვა მანიპულაციის საშუალებას იძლევა, რაც არ არის გამართლებული.

Author

გაქვთ რაიმე მოსაზრება?

გაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია ან დატოვეთ მოკლე პასუხი — სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრს!

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Focus Mode
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00