„განმარტე კანონი“ – პროფესიული დისკუსია სამართლებრივი რეფორმებისთვის

მედიაპლატფორმა „ადვოკატის ხმა“ იწყებს ახალ, მასშტაბურ პროექტს — „განმარტე კანონი“.

დადგა დრო, ადვოკატთა კორპუსმა უფრო აქტიური და გადამწყვეტი როლი ითამაშოს ქვეყნის საკანონმდებლო პროცესებში. სამართალშემოქმედება არ არის მხოლოდ თეორიული პროცესი; ეს არის ცოცხალი მექანიზმი, რომლის ეფექტურობაც სწორედ პრაქტიკაში იზომება. ამ პროცესში კი ადვოკატზე უკეთესი ექსპერტი არ არსებობს — ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ მუშაობს (ან ვერ მუშაობს) ესა თუ ის ნორმა და რა გავლენას ახდენს იგი მოქალაქეთა უფლებრივ მდგომარეობაზე.

ხშირად ვაწყდებით ბუნდოვან ნორმატიულ აქტებს, ხარვეზიან კანონქვემდებარე რეგულაციებსა თუ წინააღმდეგობრივ სასამართლო პრაქტიკას, რაც საზოგადოებაში სამართლიანობის განცდის დეფიციტსა და საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს. ჩვენი მიზანია, ეს პრობლემები საჯარო მსჯელობის საგნად ვაქციოთ.

პროექტის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ:

  • უკვე მიღებულ და ინიცირების სტადიაზე მყოფ კანონპროექტებს;
  • სასამართლო პრაქტიკის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს;
  • საკანონმდებლო კოლიზიებსა და მათი აღმოფხვრის გზებს.

მოწვეულ ექსპერტებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, ჩვენ სიღრმისეულად გავაანალიზებთ თითოეულ ხარვეზს და შევიმუშავებთ კვალიფიციურ რეკომენდაციებს. „ადვოკატის ხმა“ ხდება სივრცე, სადაც პროფესიული ცოდნა საზოგადოებრივ ინტერესს ემსახურება.

ჩაერთეთ დისკუსიაში: მოგვწერეთ თქვენი კითხვები ნებისმიერ კანონთან თუ სამართლებრივ რეგულაციასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ, ვიმსჯელოთ და ერთად ვიპოვოთ გზები სამართლებრივი გარემოს გასაუმჯობესებლად.

Author

Related posts

თეო ხუჭუას სარჩელი „ახალგაზრდა ადვოკატების“ წინააღმდეგ არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა

„მე ვერ ვხედავ დამარცხებულს თუ გამარჯვებულს, ჩვენ ერთ გუნდად ვაგრძელებთ პროფესიის განვითარებას“ – ექსკლუზიური ინტერვიუ ირაკლი ყანდაშვილთან

გიორგი გვარაკიძე და ირაკლი ყანდაშვილი ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ