გიორგი ქებურიას საქმე – პროკურატურამ ახალი კომისიური ექსპერტიზა დანიშნა

გიორგი ქებურიას საქმე

ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ დააკმაყოფილა დაზარალებული მხარის შუამდგომლობა და დიდ დიღომში, მშენებლობაზე გარდაცვლილი გიორგი ქებურიას საქმეზე ახალი კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნა.

საქმის მასალების თანახმად, წლების განმავლობაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა სიკვდილის მიზეზად გულის იშემიურ დაავადებას ასახელებდა. აღნიშნულ ვერსიას არ იზიარებდა გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატი იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გიორგი ქებურიას სიცოცხლეში ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემები არ აღენიშნებოდა.

„წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე გიორგი ქებურიას გარდაცვალების ფაქტზე. ლევან სამხარაულის ექსპერტიზა ამტკიცებდა, რომ იგი გარდაიცვალა გულის იშემიური დაავადებით მაშინ, როდესაც გარდაცვლილს თავის სიცოცხლეში არ ჰქონია ჯანმრთელობის პრობლემა .

ვაკე საბურთალოს პროკურატურამ  სრულად გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა  ალტერნატიული ექსპერტიზის მონაცემებზე დაყრდნობით  და დანიშნულ იქნა ახალი  კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა. ველოდებით სამედიცინო ექსპერტთა ვერდიქტს  და სამართლიანობის აღდგენას“- განაცხადა ადვოკატმა ლევან ჭიღლაძემ.

გარდაცვლილის ქვრივი, ელზა კვარაცხელია და ადვოკატი ლევან ჭიღლაძე მადლობას უხდიან საქმის პროკურორებს, ვახტანგ ხარებაშვილსა და ნიკა დგებუაძეს, გამოჩენილი ყურადღებისა და ობიექტური მიდგომისთვის.


ცნობისთვის

რას ნიშნავს კომისიური ექსპერტიზა და რა მოლოდინები არსებობს?

როდესაც საუბარია გიორგი ქებურიას საქმეზე, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რატომ გახდა აუცილებელი ხელახალი ექსპერტიზის დანიშვნა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ პირველადი დასკვნა ბუნდოვანია ან ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს ალტერნატიული კვლევა.

კომისიური ექსპერტიზა განსხვავდება ჩვეულებრივისგან იმით, რომ მასში მონაწილეობს სხვადასხვა დარგის რამდენიმე მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. ეს გამორიცხავს სუბიექტურობას და იძლევა საშუალებას, რომ პასუხი გაეცეს კითხვას: იყო თუ არა გარდაცვალება გამოწვეული სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევით?

სამშენებლო უსაფრთხოება საქართველოში:  სისტემური გამოწვევა

სამწუხაროდ, სამშენებლო საქმიანობის დროს გარდაცვალების ფაქტები საქართველოში კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. ხშირ შემთხვევაში, გამოძიება ჭიანურდება ექსპერტიზის დასკვნების მოლოდინში, რაც აფერხებს სამართლიანობის აღდგენას. ვაკე-საბურთალოს პროკურატურის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი პოზიტიური პრეცედენტია, რადგან ის აჩვენებს მზაობას, საქმე ობიექტურად და სიღრმისეულად იქნას შესწავლილი.

იხ. ასევე: რა უნდა ვიცოდეთ სამშენებლო სამართლის შესახებ

Author

Related posts

სამართალი და ხელოვნება – ადვოკატთა ასოციაციაში ორგანიზაციის წევრთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ირაკლი ყანდაშვილი ნატალია ვუტოვას შეხვდა

ადვოკატთა ასოციაციაში ბრიტანეთის ელჩის პოლიტიკურ მრჩეველთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართა