— მოგესალმებით, ბატონო ირაკლი და წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დაძაბული წინასაარჩევნო ბატალიის მომსწრე გავხდით ყველა და ნამდვილად გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების შედეგად გამწესდით პოსტზე ისე რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტის არსებობის მანძილზე პირველი შემთხვევაა, როდესაც ახალი თავმჯდომარის არჩევას არ მოჰყოლია სასამართლო გასაჩივრება და ა.შ. პირველ რიგში ალბათ უნდა გკითხოთ ამ ყველაფერზე თქვენი შეფასება.
— მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მკითხველს და მადლობა უპირველესად მოლოცვისთვის, ისევე იმისთვის რასაც აკეთებთ, რომ დააფუძნეთ ასეთი კარგი პორტალი და ოპერატიულად და სწორი ჟურნალისტური მიდგომით აშუქებთ ყველაფერს, განსაკუთრებით ჩვენს პროფესიაში არსებულ და მიმდინარე მოვლენებს, რაც ნამდვილად აკლდა ჩვენს პროფესიას და მინდა წარმატებები გისურვოთ. მეორე მხრივ, გიდასტურებთ, 2025 წლის დეკემბერში ადვოკატთა ასოციაციამ მნიშვნელოვანი და საეტაპო არჩევნები ჩაატარა, რადგან 8 წლის მანძილზე მოქმედი პირველი პირის ჩანაცვლება, ყოველთვის არის რაღაც ახალის დასაწყისი და მეორე მხრივ, თანსდევს ამ პროცესს დაძაბული საარჩევნო ბატალიები, თუმცა გეთანხმებით, მთავარია, რომ არჩევნების დღის შემდეგ ამ ყველაფერს და მართლაც რიგ შემთხვევაში მიუღებელ წინასაარჩევნო დღეებს გაგრძელება არ მისცემია და ყველა ერთად ვაგრძელებთ ერთ დიდ ოჯახად ცხოვრებას, რაც იყო კიდეც პირველი დღიდან ჩემი მთავარი გზავნილი, რომ ვიქნები ყველას თავმჯდომარე და ეს ასე იქნება მანამ მე ეს სტატუსი თავმჯდომარის ყველაზე დიდი პროფესიის მერქმევა.
ნამდვილად უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნები უპრეცენდენტოდ გამჭვირვალედ ჩატარდა და არც-ერთ კანდიდატს, ეს იქნებოდა ამათუიმ რგოლში მონაწილე თუ თავმჯდომარეობის სხვა 5 კანდიდატს არ გასჩენია თქმის საფუძველი, რომ რამე იყო ან მათთვის ხელისშემშლელი, ან გაუმჭვირვალე ან არ მიეცათ საშუალება ემოქმედათ კონკურენტულ და აბსოლიტურად უსაფრთხო წინასაარჩევნო პროცესში. ჩემთვის კი ნამდვილად დიდი პატივია ყველაზე დიდი პროფესიის მხრიდან ესოდენ დიდი მხარდაჭერის მიღება, როდესაც კოლეგებმა 90% და მეტი მხარდაჭერით აირჩიეს და დაკომპლექტდა ჩემი წინასაარჩევნო გუნდის წევრებით ასოციაციის ყველა მმართველი რგოლი და ჩემს მიმართ თავმჯდომარის პოსტზე ორივე ტურში მხარდაჭერა, ხოლო არჩევნების შემდეგ, როგორც ვთქვი კდიეც, მე ვერ ვხედავ დამარცხებულს თუ გამარჯვებულს და ჩვენ ერთ გუნდად ვაგრძელებთ პროფესიის განვითარებას, ხოლო ის რომ თუნდაც ერთ ოჯახში იყოს განსხვავებული აზრი ან ხედვა ეს მხოლოდ მისასალმებელია და სწორედ ამ სახის პლურალისტულ და დემოკრატიულ გარემოში ვაგრძელებთ ყოველდღიურ საქმიანობას.
— ახლადარჩეულ თავმჯდომარეს მიზანმიმართულად არჩევისთანავე არ გთხოვეთ ინტერვიუ, ალბათ სწორი იყო მოგვეცა მცირე დრო ერთი მხრივ, გენახათ თუ რა პირობებში გიწევთ საქმიანობა, მეორე მხრივ, გადაგედგათ პირველი ნაბიჯები და ახლა უკვე, როგორც ბევრ შემთხვევაში არის წესი და სტანდარტი, გთხოვთ, თქვენი საქმიანობის პირველი ასი დღის შეფასებას, შეჯამებას თუმცა გვინდა პირველ რიგში თქვენი სამუშაო პირველი დღე გაიხსენოთ, რომელიც თქვენ კოლეგებთან გაატარეთ, გვახსოვს, რომ საჯაროდ ყველა კოლეგას მოპატიჟება გაუგზავნეთ და ასოციაციის ოფისში წინასაახალწლოდ უმასპინძლეთ.
— მადლობა უპირველესად ინტერესისთვის, ამასთანავე სწორი მიდგომისთვის, რადგან ალბათ მართლაც მართებულია რაღაც დრო გასულიყო ჩემთვისაც მარტივია გარკვეულ საკითხებზე უფრო ხელშესახებად ვისაუბრო, ისევე როგორც თქვენი მხრიდან მეტი საკითხია გაშუქებისთვის თვალსაჩინოდ ხელმისაწვდომი. კი გიდასტურებთ, პირველი სამუშაო ორშაბათი ნამდვილად კოლეგებთან გავატარე, და ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იყოს ადვოკატებთან ერთად, მით უფრო პირველ დღეს და ასე იქნება ყოველი დღე ჩემი ამ პოზიციაზე ყოფნის, რადგან მე ყოველთვის მქონდა პრინციპი, : ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდოამარე თითეული ადვოკატის გვერდით და თითოეული ადვოკატი ასოციაციის თავმჯდომარის მხარდამხარ, მხოლოდ ამ პრინციპის პრაქტიკაში რეალიზებით არის შესაძლებელი, რომ ეს იყოს ძლიერი ერთიანი და პროგრესზე ორიენტირებული გაერთიანება, თუმცა გითხრათ სიმართლე ის პირველი დღე მათ შორის წინასაახალწლო დატვირთვით ისე მომეწონა, რომ ყოველ წელს, სანამ ვიქნები თავმჯდომარე ნამდვილად ტრადიციად ვაქცევ, რომ წინასაახალწლოდ ადვოკატებს ჭიქა ღვინოზე და განვლილი წლის შესაფასაებლად შევკრიბავ და ერთად ახალი წლის მოლოდინში გავცვლით აზრებს და გითხრათ სიმართლე მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რადგან ისეთ პროფესიაში ვართ ხშირად ერთმანეთთან ურთიერთობის დროც კი არ გვრჩება და მათ შორის მნიშვნელოვანი მგონია ადვოკატებს გვქონდეს ერთამენთთან ახლო კოლეგიურ მეგობრული ურთიერთობები, რასაც ასოციაცია მუდმივად შეუწყობს ხელს.
— სხვა საკითხზე მინდოდა კითხვის დასმა, თუმცა პასუხიდან გამომდინარე ლოგიკურ გაგრძელებად მგონია სწორედ ის კთხვა დაგისვათ, რაც ამ 100 დღის მანძილზე თქვენი თაოსნობით შედგა ასოციაციის კედლებში, კერძოდ, გამოვლინდა, რომ ადვოკატები, მარტო კარგი იურისტები კი არ ვყოფილვართ თურმე კარგად გვცოდნია ასევე ხატვა, და 24 თებერვალს ასოციაციის კედლებში მხატვარ ადვოკატთა ნახატების გამოფენა შედგა, რომელზეც საქართველოს მხატვართა კავშირის ხელმძღვანელიც გყავდათ მოწვეული.
— გიდასტურებთ, ნამდვილად ასე იყო, მე რამდენჯერმე უკვე ავღნიშნე, რომ ეს პროფესია არის ყველაზე დიდი პროფესია, ობიექტურად ასეა, ამას ის სტატისტიკაც ადასტურებს თუ რამდენი ადვოკატია დღეს საქართველოში და რა თქმა უნდა ამ პროფესიაში იხილავთ არაერთ ისეთ ადვოკატს, რომელიც ამ კონკრეტულ შეთხვევაში მართალაც კარგად ხატავს, თუმცა ჩვენ არაერთი სხვა ნიჭის და ცოდნის მქონე ადვოკატების ხელშეწყობას ასევე მოვახდენთ მომავალში და ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ ადვოკატებს მხოლოდ სამართალი არ გვესმის კარგად. რაც შეეხება 24 თებერვლის ღონისძიებას, მან მართლაც კარგად ჩაიარა, 20-მდე მხატვარი ადვოკატის 40-მდე ნახატი იქნა გამოფენილი, რაც ერთი მხრივ, იყო კარგი პლატფორმა ამ ავტორთა ფართო საზოგადოებაში წარმოჩინების, მეორე მხრივ, ადვოკატების ერთმანეთთან ურთიერთობის, ასზე მეტი დამსწრე ყავდა ამ აქტივობას, და რაც ასევე საამაყოა მხატვართა კავშირმა ორი ჩვენი კოლეგა ადვოკატი დააჯილდოვა სიგელით, როგორც მხატვართა კავშირის წევრები მათი აქტიური სამხატვრო მოღვაწეობისთვის.
— სანამ უშუალოდ სხვა საკითხებს შევეხებოდით, თქვენი მხრიდან რომ შეგვიფასოთ მოკლედ განვლილი 100 დღე დანახული ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თვალით.
— ნამდვილად ყველაზე საინტერესო 100 დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან ჩვენი პროფესია გარდა იმისა, რომ უდიდეს როლს თამაშობს ხარისხიანი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებაში, ბევრი ისეთი მიმართულებებია უშუალოდ პროფესიის შიგნით, რაც ერთი შეხედვით გარედან ნამდვილად არ ჩანს, ხოლო თუ გამოჩნდა, რიგით მოქალაქეს ეს არც აინტერესებს და არც მიაქცევს ღირს ყურადღებას, თუმცა ჩვენთვის პროფესიისთვის ამ მიმართულებების სწორი რეგულირება ღირებული საკითხია და მათ შორის მნიშვნელოვანი, რათა პროფესია იყოს ყოველთვის განვითარების გზაზე და მის ეფექტურობას არ შეექმნას გამოწვევები, შესაბამისად, მინდა უპირველესად აღვნიშნო, რომ ეს არის დამოუკიდებელი, თვითრეგულირებადი პროფესია და მისი განმტკიცების მიმართულებით თითოეულმა ადვოკატმა ყოველდღიურად უნდა იმუშაოს და ეს მხოლოდ თავმჯდომარის ვალდებულებას არ წარმოადგენს, ამ ასი დღის მანძილზე არაერთი ფორმატი იყო გამოყენებული, ეს იქნებოდა ქვეყნის პრემიერ მინისტრთან შეხვედრა, საპარლამენტო კომიტეტბის წინაშე გამოსვლა თუ მაღალი საერთაშორისო რანგის დიპლომატების წინაშე ფიქსირება იმ კონსტიტუციური სტანდარტის, რაც დიდი მონაპოვარია ჩვენი პროფესიისთვის, რომ ეს არის დამოუკიდებელი და თვითრეგულირებადი პროფესია.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, რაც უნდა აღვნიშნო, რომ პროფესია მუდამ იდგა, დგას და განუხრელად იდგება თითოეული ადვოკატის პროფესიული უფლებების სადარაჯოზე და არამხოლოდ, შესაბამისად, ფაქტია, ამ პირველი ასი დღის მანძილზე იყო 25-მდე კოლეგის შემთხვევა, როდესაც ასოციაციას მოგვიწია მათი ამა თუ იმ სახით უფლებების სადარაჯოზე დადგომა და პროფესიის ხმა ხმამაღლა და მორიდების გარეშე ისმოდა და ასე გაგრძელდება მომავალშიც, რა თქმა უნდა ახლა გვარებით არ ვისაუბრებ, თუმცა თითქმის ყველა შემთხვევა საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც არის ფიქსირებული, და სადაც იყო საჭიროება მათ შორის გამოძიებაც იქნა დაწყებული ჩვენი აქტიური ჩართულობით, თუმცა მინდა აღვნიშნო, და მათ შორის თქვენი მედია საშუალება გამოვიყენო იმისთვის, რათა შევეხო ისეთი სახის პრობლემას, რაც რიგ შემთხვევაში ისევ აქტუალურია საქართველოში, როდესაც ესა თუ ის მხარე პროცესის თავისი პირადი ინტერესები, რაც მეორე მხარის მიმართ გააჩნია, გადააქვს და ან ავიწროებს ან აბულინგებს მეორე მხარის ადვოკატს, ფაქტობრივ აიგივებს ადვოკატს მის მარწმუნებელთან, რასაც ჩვენ არასდროს დავუშვებთ და მათ შორის არათუ კონკრეტულ შემთხვევებზე გვექნება სწრაფი და ოპერატიული რეაგირება, არამედ მათ შორის დავიწყეთ კამპანია რომ საზოგადოებას ამ მიმართლებით დავეხმაროთ და ცნობიერი ამ საკითხზე გაიზარდოს.
არაერთ საკითხზე შემიძლია შეჩერება, თუმცა ალბათ ამ ყველაფერს ფურცლები არ ეყოფაა, ამიტომ ალბათ კითხვებით ამოვწურავთ, თუმცა კიდევ ერთი მიმართლება მინდა ხაზგასმით წამოვწიო, ეს არის ჩვენი პროფესიის საზოგადოების მიმართ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მეორე მხრივ, დიდი შიგნით კოლეგიური მხარდაჭერის ტრადიცია, კერძოდ, ამ ასი დღის მანძილზე ჩვენ დავაფუძნეთ ტრადიცია და ეს გაგრძელდება სამომავლოდ, კერძოდ, ორჯერ დავეხმარეთ ბავშვთა და ხანდაზმულთა სახლს, ასევე დავაფუძნეთ პრო ბონო ფორუმი, რომელიც სრული ერთი დღის მანძილზე მიმდინარეობდა და 100-ზე მეტი ადვოკატი უფასო კონსულტაციებს უწევდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ვისაც იურიდიული რჩევა სჭირდება და ამასთანავე, სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ ასოციაციის შიგნით არის სპეციალური სოციალური ფონდი შექმნილი, რომლის გავლით პროფესია ეხმარება კორპორაციის შიგნით მსგავსი სამედიცინო საჭიროებების მქონე ადვოკატებს, ისევე როგორც გარდაცვლილი კოლეგების ოჯახებს და ამ ასი დღის მანძილზე ჩვენი მწირე რესურსით 10-მდე კონკრეტულ ადვოკატს, რომელთაც დასჭირდათ ფინანსური დახმარება ჩვენ დავეხმარეთ, ასევე 3 გავუწიეთ რეკომენდირება დამატებით ფინანსურ დახმარებაზე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წინაშე და აქვე ვისარებლებ შემთხვევით და ყველა ადვოკატს მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო.
— ამ ასი დღის მანძლზე თქვენ საკმაოდ აქტიური დღეები გქონდათ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, გქონდათ მათ შორის პირველი საერთაშორისო ვიზიტი ევროპაში, სადაც მონაწილეობა მიიღეთ ევროპის ადვოკატთა ასოციაციების თავმჯდომარეთა კონფერენციაში, გქონდათ არაერთი შეხვედრა საქართველოში წარმოდგენილი უცხო ქვეყნების ელჩებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საბჭო, ევროკავშირი) პირველ პირებთან, ეს იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ერთ-ერთმა კოლეგამ სოციალური ქსელით საგარეო საქმეთა მინისტრიც გიწოდათ, რითი არის ეს განპირობებული და რა კონკრეტული შედეგების მომტანი შეიძლება ეს იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის?
— საერთაშორისო ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ შორის ადვოკატთა პროფესიისთვის ყველა იურისდიქციაში და არც საქართველო არ არის ამ მხრივ გამონაკლისი, უპირველესად უნდა აღინიშნოს რომ ჩვენი პროფესიული გაერთიანება არაერთი საერთაშორისო ინსტიტუციის წევრია და ამ მიმართულებით ჩვენი აქტიურობა უნდა გაგრძელდეს, რა გზავნილიც მე მქონდა თებერვალში როდესაც პირველი საერთაშორისო ვიზიტით დავესწარი ვენაში გამართულ ევროპის ადვოკატთა ასოციაციების თავმჯდომარეთა კონფერენციას, უფრო მეტიც იმავე კონფერენციაზე კონკრეტული ევროპის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების პირველ პირებთან მივაღწიე შეთანხმებას, რომ გავაღრმავებთ ბილატერალურ ურთიერთობებს, მათ შორის ერთ-ერთ ქვეყანასთან, რუმინეთთან ჩვენ ამ მოკლე პერიოდში უკვე გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი და რამდენიმე ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან დამატებით მიმდინარეობს აღნიშნულზე მოლაპარაკებები. ამავე პერიოდში რუმინეთის ადვოკატთა ასოცაიციის მიწვევით ადგილზე ბუხარესტში ვიყავი ვიზიტით და რუმინელ ადვოკატებს სიტყვით მივმართე ჩვენი ქართული ასოციაციის მოდელთან და მოწყობასთან დაკავშირებით, რაც ეს ყველაფერი ახდენს ჩვენი ქართული საადვოკატო სკოლის ევროპაში პოპულარიზაციას.
ამასთანავე, როდესაც ქვეყნის შიგნით უცხო ქვეყნის ელჩებს ვხვდებით, მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქვეყნის არაერთ მოქალაქეს ქვეყნის შიგნით ესაჭიროება სამართლებრივი დახმარება და ასოციაცია ამ ყველა საელჩოს აწვდის ადვოკატთა ერთიან რეესტრს ისევე როგორც ეს ურთიერთობები არის ერთგვარი ხიდი მათ ქვეყნის პროფესიულ გაერთიანებებთან ჩვენი პროფესიული გაერთიანების პირდაპირი კომუნიკაციის და თანამშრომლობის, ისევე როგორც ვმუშაობთ რამდენიმე სახლმწიფოსთან სწორედ ამ საელჩოების დამხარებით რომ დავაფუძნოთ ქართულ და ამა თუ იმ ქვეყნის ჩართულობით ერთობლივი სამართლებრივი ფორუმები, რაც კონკრეტული მიმართულებით პროფესიის და მისი წევრებისთვის ხელშესახები კონტაქტების ურთიერთობების თუ სამომავლო საქმიანობის პლატფორმა შეიძლება გახდეს. ამასთანავე, ამ ურთიერთობებმა მოიტანა რამდენიმე კონკრეტული შედეგი ერთ-ერთი შემიძლია გავიხსენო, რაც საჯაროდ გაშუქდა კიდეც, როდესაც ერთ-ერთმა ელჩმა საჯარო ლექცია ჩაატარა ევროპული სასამართლოს სტანდარების თაობაზე დაინტერესებული ქართველი ადვოკატებისთვის.
ცალკე უნდა გამოვყოთ ასოციაციის ურთიერთობა ევროპის საბჭოსთან, ევროკავშირის პროექტთან თუ ამერიკის საელჩოსთან, ეს ის ინსტიტუციებია, ვისთანაც ადვოკატთა ასოციაციას 2005 წლიდან დაფუძნებისა აქვს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები და ამ ინსტიტუციების კონკრეტული ტექნიკური თუ ფინანსური დახმარებით არაერთი პროგრამა დაორგანიზებულა ქართველი ადვოკატებისთვის, ეს იქნებოდა განგრძობადი იურიდიული განათლების თუ სხვა მიმართულებით და რა თქმა უნდა ახლად არჩეულ თავმჯდომარეს მართებს ამ მიმართულების გაგრძელება ისევ და ისევ ადვოკატთა პროფესიული ინტერესების მხარდასაჭერად და რა თქმა უნდა მსგავსი გზავნილები სხვანაირად არ კეთდება, ამას შეხვედრა გაცნობა და საუბარი სჭირდება, რასაც ვფიქრობ მოჰყვება კონკრეტული სამომავლო შედეგები, რაც მოხმარდება პროფესიას.
— თქვენ ანალოგიურად აქტიური იყავით ქვეყნის შიგნით და სამთავრობო სტრუქტურებთან კომუნიკაციის ჭრილში, კერძოდ, ამ ასი დღის პერიოდში თქვენ შეხვდით ქვეყნის პრემიერ მინისტრს, უზნაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ქვეყნის გენერალურ პროკურორს, იუსტიციის მინისტს, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდოამრეს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მათ შორის ადგილზე მოინახულეთ თბილისის და რეგიონის პენიტენციური დაწესებულებები, ისევე როგორც მიგრაციის დეპარტამენტი. რა კონკრეტული დატვირთვა ჰქონდა ამ შეხვედრებს ასოციაციის საჭიროებებიდან გამომდინარე?
— უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ადვოკატთა პროფესიას თავისი როლი და ადგილი გააჩნია მართლმსაჯულების სისტემაში, ამასთანავე, რა თქმა უნდა ქვეყნის შიგნით ყველა თქვენს მიერ გაჟღერებული მიმართულებით შეხვედრას და კომუნიკაციას გააჩნდა ადვოკატთა ასოციაციისთვის და მისი წევრებისთვის კონკრეტული დატვირთვა. უფრო კონკრეტულად, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ პროფესიის პირველ პირს ჰქონდეს კომუნიკაცია ქვეყნის პირველ პირთან, მით უფრო დღის წესრიგში დგას ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ხელმოწერის საკითხი, როგორიც არის ევროპის საბჭოს კონვენცია ადვოკატის უფლებების დაცვის თაობაზე, შესაბამისად, რა თქმა უნდა ამ მიმართულებით და არა მხოლოდ მნიშვნელოვანია, რომ შემდგარიყო ქვეყნის პრემიერ მინისტრთან პირდაპირი კომუნიკაცია, ისევე როგორც, ყველას მოეხსენება, რომ „იურიდიული დახმარების“ შესახებ საქართველოს კანონში გატარდა ცვლილებები, რომლის თანახმად ამ სამსახურის, რომელიც სახელმწიფოს სიპს წარმოადგენს, სტრუქტურული მართვის რგოლში გატარდა ცვლილებები, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ამ სამსახურში ჩვენი პროფესიის წარმომადგენლები არიან დასაქმებული ჩემთვის როგორც პროფესიის თავმჯდომარისთვის მნშვნელოვანი იყო თითოეული ადვოკატის საქმიანობის დამოუკიდებლობის მნიშვნელობის თაობაზე მესაუბრა იურიდიული დახმარების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რგოლის წინაშე, რომელიც ცვლილებების თანახმად არის ქვეყნის პრემიერ მინისტრი.
რაც შეეხება შეხვედრას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და ქვეყნის გენერალურ პროკურორთან, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ – პროფესია ადვოკატი სასამართლოსთან და სახელმწიფო ბრალდებასთან ერთად წარმოვადგენთ მართლმსაჯულების სრულფასოვან რგოლებს და აქედან გამომდინარე სამივე ინსტუტუციის ინტერესებში უნდა შედიოდეს კოორდინაცია და კომუნიკაცია, ამასთანავე, ჩვენ სამი რგოლი აქტიურად ვთანამშრომლობთ ე.წ. ბენჩ-ბარის ფორმატში, როდესაც დროდან დრომდე მოსამართლეები ადვოკატები და პროკურორები ვიკრიბებით და წინასწარ შეთანხმებულ აქტუალურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით ვანზოგადებთ პრაქტიკას და ვთანხმდებით კონკრეტულ მიდგომებზე, თუ ერთმანეთს ვუზიარებთ აზრს და ვუნმარტავთ რა როგორ არის ან სჯობს რომ იყოს რეგულირებული, სხვათა შორის მსგავსი ფორმატი რამდენიმე წელი იყო პასიურ რეჟიმში გადასული, რაც გამოვაცოცხლეთ და უკვე დაგეგმარების პროცესში ვართ მომდევნო მსგავსი ბენჩ-ბარის ჩატარების ისევე როგორც დაიგეგმება კიდევ ერთი უახლოეს მომავალში, რაც პრაქტიკოსი ადვოკატებისთვის ძალიან პრაქტიკული პლატფორმაა.
რაც შეეხება შეხვედრას ქვეყნის იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან და ვიზიტს მიგრაციის დეპარტამენტში, და პენიტენციურ დაწესებულებებში თბილისში და აჭარაში/ქუთაისში, უნდა აღინიშნოს, რომ ადვოკატებს ყოველდღიურად აქვთ საჭიროება შევიდნენ წინასწარი მოთავსების იზოლატორებსა და ციხეში, რა დროსაც არის არაერთი გამოწვევა, რა საკითხებზე და გამოწვევების რეგულირებაზე ერთი, რომ უშუალოდ მინისტრთან ვისაუბრე და დავიგეგმეთ კონკრეტული გადაწყვეტის გზები და მეორე მხრივ, უშუალოდ ადგილზე მოვინახულე და ჩემი თვალით ვნახე რა გამოწვევები არის და ადვოკატებთან ერთად გავატარე დრო თითოეულ დაწესებულებაში, სადაც მათ შორის ვაკვირდებოდი ჩემი კოლეგების საქმიანობის ეფექტურად უზრუნველყოფას და განხორციელებას.
— ბ-ტ ირაკლი გვინდა გკითხოთ იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში გატარებული ცვლილებების თაობაზე, კერძოდ, ასოციაციის თვალით დანახული რისკების და ზოგადად აღნიშნული რეფორმის თაობაზე თქვენი პოზიცია.
— უპირველესად, სანამ უშალოდ დასმულ კითხვას ვუპასუხებდე, მინდა ვისარგებლო თქვენი მედია საშუალებით და კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა დავუფიქსირო იურიდიული სამსახურის სისტემაში დასაქმებულ თითოეულ ადვოკატს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ხალხი სწევს ტიტანურ შრომას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი საჭიროებების უზრუნველყოფის მიმართულებით, რისთვისაც მათ დიდი მადლობა ეკუთვნით და მე როგორც უპირველესად მოქალაქე, მეორე მხრივ, როგორც ადვოკატი და ამ პროფესიის ხელმძღვანელი პირი საჯარო მადლობას ვუხდი სამსახურს და მასში დასაქმებულ თითოეულ ადვოკატს წარსულში განხორციელებული სამუშაოს, მიმდინარე და მომავალში განსახორციელებელი ფასდაუდებელი შრომისთვის.
ახლა რაც შეეხება იურიდიული დახმარების სამსახურის კანონში გატარებულ ცვლილებებს, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით ჩვენმა ასოციაციამ საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია და იყო ძალიან აქტიური ამ კუთხით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული სამსახური არ არის ჩვენი სტრუქტურული ნაწილი, ეს არის სახელმწიფოს საჯარო სამართლის პირი და სრულად დაქვემდებარებული სტრუქტურულად სახელმწიფოსადმი, ისევე როგორც საბიუჯეტო დოტაციაზე მყოფი სტრუქტურაა, თუმცა მასში დასაქმებული პირები, არიან ადვოკატები და ჩვენ ჩვენი წევრი ადვოკატების ბედი ყოველთვის გვადარდებს და რაც არის ჩვენს შესაძლებლობებში იმის ფარგლებში და უფრო მეტიც არ გვერიდება რომ ვიმოქმედოთ.
ასე იყო ამ შემთხვევაშიც, კერძოდ, როდესაც ამ რეფორმის თაობაზე გაჟღერდა იმავე დღეს ჩვენ ასოციაციის საბჭოს ეგიდით გავაკეთეთ განცხადება, სადაც პირდაპირ დავაფიქსირეთ, რომ ის მოწყობა რაც ცვლილებებამდე იყო კანონში, კერძოდ, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება იყო სწორი მოდელი, ხოლო თუ მაინც ცვლილებების გატარება დადგა საჭირო, იმ სახით როგორც იყო შემოთავაზებული სამსახურის სამეთვალყურეო საბჭო, სადაც კანონით ექს ოფიციო შედიოდნენ ქვეყნის გენერალური პროკურორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, მიგვაჩნდა რომ იყო კანონში პირდაპირი ინტერესთან კონფლიქტი, რაც საბოლოოდ პარლამენტმა გაითვალისწინა ჩვენი კონსტრუქციული შენიშვნები ამ მიმართულებით. რომ დავუბრუნდეთ ქრონოლოგიას, ცვლილებების გაჟღერების მეორე დღესვე პირადად შევხვდი ქვეყნის იუსტიციის მინისტრს, მათ შორის საკითხს ასოციაციის შენობაში მივუძღვენი სპეციალური მედია ბრიფინგი, სადაც ვითხოვეთ პარლამენტისგან პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა და შემდგომ უკვე ჩართული ვიყავით აღმასრულებელი საბჭოს წევრები საკომიტეტო განხილვებში და პარალელურად მქონდა მჭიდრო კომუნიკაცია სამსახურის მენეჯმენტთან და სამსახურის უფროსებთან.
შესაბამისად, რაც ხელგვეწიფებოდა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის ხმა ჟღერდა რეფორმის პროცესში, ისევე როგორც ჩვენი ინიციატივა იყო რათა ცვლილებებით გათვალისწინებული ყოფილიყო პრემიერ მინისტრის მხრიდან დასანიშნი სამსახურის ახალი დირექტორის სავალდებულოდ ადვოკატის სტატუსი მქონე პირის დანიშვნა. ამასთანავე, ერთი დეტალიც მინდა აღვნიშნო, რაც სხვათაშორის მე საჯაროდ, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის ეტაპზე საჯაროდ გავაჟღერე და როგორც მერე მივიღე ინფორმაცია რიგმა პირებმა ჩვენს კორპორაციაში საქილიკოდ და ხელოვნური დაძაბულობის შესაქმნელად გამოიყენეს, რაც ერთი რომ უსამართლოა და მეორე რომ არასწორი მიდგომაა, თუმცა რას ვიზამთ, მსგავსი გამოვლინებებისთვის მე მზად ვარ, ახლა რას შეეხებოდა საკითხი, კერძოდ, მე დღესაც მგონია, რომ სწორი მოდელი იყო პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება, თუმცა ზოგადად თუ მოდელებზე მიდგება საქმე, ნამდვილად გონივრული იქნებოდა ეფიქრა კანონმდებელს აღნიშნული სამსახურის ფუნქციის ადვოკატთა ასოციაციისთვის გადაცემა, რაც აპრობირებული მოდელია ძალიან ბევრ ევროპულ სახელმწიფოში და იყო ეს მოდელი 2005 წლამდე საქართველოშიც, თუმცა ამაში არ მოვიზარებ, რომ სამსახურის ადვოკატებმა უნდა დაკარგონ სამსახური, პირიქით, რა სჯობს, თუ ადვოკატურის წიაღში და ქოლგის ქვეშ იქნება ეს სამსახური და რაც ყოველთვის იყო არის და იქნება ჩემი პირადად ინტერესი და საზრუნავი, რომ თითოეული ადვოკატის საქმიანობის დამოუკიდებლობას, საქმიანობაში ჩაურევლობას იდეის დონეზეც რისკი არ შეექმნას, რაც არის კიდეც კონსტიტუციური სტანდარტი და ამ პრინციპის სადარაჯოზე ვიდგებით მუდამ.
— სწორედ ამ ჭრილში დაგისვამთ შემდეგ კითხვას, კერძოდ, ამ სამი თვის მანძილზე რამდენჯერმე გაჟღერდა მოსაზრება, რომ რისკია, რათა ადვოკატის პროფესია და პროფესიული გაერთიანება აღმოჩნდეს სახელმწიფოს და კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურაში, რამდენად განიხილავთ ამ საშიშროებას რეალისტურად?
— გეტყვით პირდაპირ, ეს არის შეუძლებელი და წარმოუდგენელი. ჩვენი პროფესიის დამოუკიდებლობა და თვითრეგულირების პრინციპი არის გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციაში და ჩვენ ამ პრინციპის სადარაჯოზე ვდგავართ, უფრო მეტიც, ამ ე.წ. რისკის თაობაზე ვისაუბრე ქვეყნის პრემიერ მინისტრთან და შემიძლია ღიად გითხრათ, რომ სახელმწიფო ერთგულია კონსტიტუციური სტანდარტის ჩვენი პროფესიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. გითხრათ სიმართლე, მე ყველა სახის აზრს, თუნდაც წარმოუდგენელი აზრის გაჟღერებასაც პატივს ვცემ, და მივიჩნევ, რომ ნებისმიერი აზრის გამოხატვა დაცულია კანონმდებლობით, თუმცა მეორე მხრივ, ამ წარმოუდგენელ მოსაზრებებზე და რისკებზე მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, რაც ასევე არის ჩემი უფლება და ამისთვის ვერავინ გამაკრიტიკებს, მე ვიცი ერთი, რომ როგორც თავმჯდომარე ამ პრინციპის სადარაჯოზე ვდგავარ და მათ შორის ამ მიმართულებით როგორც ზემოთ აღინიშნა გადავდგი კონკრეტული ნაბიჯები და პირდაპირ ვიტყვი, რომ საჭიროების დადგომის შემთხვევაში არ დამჭირდება ვინმეს მითითება ან თქმა თუ რა არის საჭირო და როდის.
— მინდა გკითხოთ, თქვენს პირველ საერთაშორისო ვიზიტზეც, რაც ასევე შედგა ამ ას დღეში, და ეს იყო ევროპაში, კერძოდ, ვენაში, სადაც თქვენ მონაწილეობა მიიღეთ ევროპის ადვოკატთა ასოციაციების თავმჯდომარეთა კონფერენციაში. რომ გვითხრათ როგორ მიგიღეს ახალმა კოლეგებმა ამ დიდ ფორუმზე და რა იყო თქვენი გზავნილი?
— მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ფორუმი და სხვადასხვა ქვეყნის ასოციაციების წარმომადგენლები ჩემთვის უცხო არ არის, რადგან იყო დრო, როდესაც ჩვენი ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში სწორედ საერთაშორისო ურთიერთოებებს ვხელმძღვანელობდი და მათ შორის დღესაც ვარ ევროპის ადვოკატთა ასოციაციიის დირექტორთა საბჭოს მოქმედი წევრი, თუმცა მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, თავმჯდომარის რანგში მონაწილეობას სხვა დატვირთვა აქვს და ნამდვილად პოზიტიური შთაბეჭდილებებით დავბრუნდი სამშობლოში. რაც შეეხება ჩვენს გზავნილებს ევროპელ კოლეგებთან, იყო ძალიან ნათელი და კონკრეტული, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს ევროპული სტანდარტების ასოციაციის შენებას და რაც განსაკუთრებით მიხარია, ამ კონფერენციაზე დავამყარეთ იმ სახის ახლო კონტაქტები ევროპულ გაერთიანებებთან, რომ უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული ბილატერალური თანამშრომლობის გაფრომების შემთხვევები, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე. შესაბამისად, საგარეო მიმართულებით ჩვენ ვრჩებით აქტიურ როლში.
— თქვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო ადვოკატებისთვის ცოცხალი ტრენინგების დაბრუნება და ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე. რა თქმა უნდა განათლება ისეთი საკითხია, რომ მუდმივი განვითარების პროცესია, თუმცა ჩემი პირადი შეფასება იქნება, რომ ეს დაპირება პირნათლად არის შესრულებული. თქვენი პოზიცია ამ საკითხზე რა იქნება?
— მიხარია, თუ ამას ასე აფასებთ, ე.ი. ეს ხელშესახებად აღქმადია, რაც მახარებს. გითხრათ სიმართლე, 15 წელზე მეტია უშუალოდ ადვოკატთა პროფესიულ განვითარების პროცეში ვარ ჩართული სხვადასხვა როლით, პოზიციით თუ ფუნქციონალური დატვირთვით, ახლა კი როგორც პირველ პირს მაქვს საშუალება უშუალოდ დავგეგმო და ვმართო არაერთი მიმართულება ამ კუთხით. შემიძლია გითხრათ, რომ თებერვალში და მარტში 20-მდე ცოცხალი ტრენინგი ჩატარდა ქართულ და ინგლისურ ენებზე, უკვე დაგეგმილია აპრილის სასწავლო ღონისძიებები და ხელმისაწვდომია კოლეგებისთვის, ისევე როგორც დავნერგეთ ახალი შესაძლებლობა, როცა ყველა ტრენინგი ხელმისაწვდომია დისტანციურად, რაც ძალიან კომფორტულია, რადგან შეიძლება იმ კონკრეტულ დროს არ იყო ქალაქში, სადაც ტარდება ტრენინგი, თუმცა უპრობლემოდ დისტანციურად იყო ამ ყველაფრის მონაწილე, ისევე როგორც ერთხელ და სამუდამოდ დავსვი წერტილი ყბადაღებულ კრიტიკის საგანზე, რომ „ვერ გავიარე რეგისტრაცია“, „მინდოდა ტრენინგზე დასწრება და არ მომეცა საშუალება“ და მსგავსი არაერთი რამ გვესმოდა წინა წლებში. გამოვიყენებ თქვენს მედია საშუალებას და ყველას გასაგონად ვიტყვი: კარი ღიაა, იცით რომ ტარდება ტრენინგი და გაინტერესებთ? მობრძანდით და დაესწარით, წერტილი.
ამასთანავე, ამ მოკლე პერიოდში ძალზედ მახარებს, რომ შევქმენით ადვოკატებისთვის კონკრეტული და ხელშესახები საშუალება მიიღონ უცხოური განათლება, კერძოდ, ევროპასა და ამერიკაში. უფრო რომ დავაზუსტო, ევროპის საჯარო სამართლის ინსტიტუტის დახმარებით, ქართველ ადვოკატებს ვაძლებთ საშუალებას მიიღონ ევროპაში მაგისტრის და დოქტორის ხარისხი და ეს მიიღონ 70%-იანი შეღავათით, უფრო მეტიც სადოქტორო ნაშრომის შესრულება ქართულადაც იქნება შესაძლებელი და ამ საშუალებით უკვე 10-მდე ადვოკატი სარგებლობს. ისევე როგორც მიხარია, რომ 20%-იანი ფასდაკლებით ვასარგებლებთ ადვოკატებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ჩიკაგოში მაგისტრის ხარისხის მიღების მიმართულებით, რისთვისაც მადლობა ჩიკაგო კენტის სამართლის სკოლას. და ალბათ, ისიც აღსანიშნავია, რომ პირველად მოხდა და ორივე ამ მიმართულებაზე დაშვება ვუზრუნველყავით მომავალი ადვოკატებისთვისაც, ვინც ახლა გადის ადაპტაციის პროგრამას, რაც დიდი მხარდაჭერაა მომავალი ადვოკატებისთვის, ისევე როგორც აღნიშნულ პირებს ვასწრებთ ადვოკატთათვის დაორგანიზებულ ტრენინგებზე, ასეთის სურვილის შემთხვევაში და ჩვენთვის საამაყოა, რომ ჯერ არც კი გამხდარან ჩვენი წევრები და მათ პროფესიული გაერთიანება უკვე მსგავს უნიკალურ საშუალებას აძლევთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ვიწყებთ ყველა უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლასთან საქართველოში და უკვე დავგეგმეთ ასოციაციის სასწავლო ცენტრის ეგიდით მათთან ერთად კონკრეტული სამომავლო აქტივობები, რაც ისევ და ისვე ადვოკატების განათლებას მოხმარდება.
— მინდა გკითხოთ კიდევ ერთი მიმართულების თაობაზე, კერძოდ, თქვენი თავმჯდომარეობით დაფუძნდა 40-მდე სამართლის დარგის სხვადასხვა კომიტეტი, რაც მართლაც უპრეცენდენტო ღიაობაა ასოციაციის მხრიდან და შეთავაზება კოლეგებისადმი, რომ ჩაერთონ ასოციაციის საქმიანობაში მათი პრეფერენციის მიხედვით. რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით მსგავსი ნაბიჯის გადადგმა და რას აძლევს ეს ასოციაციას და მის წევრებს?
— მინდა გითხრათ, რომ მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ ეს პროფესიული გაერთიანება არის ყველასი და ყველა წევრი თანასწორია, მათ აქვთ უფლება იყვნენ ჩართული ასოციაციის ყოველდღიურ საქმიანობაში, შესაბამისად, კომიტეტები არის სწორედ ის მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს დაინტერესებული ადვოკატების ამ პროცესში ჩართვას. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ასობით ადვოკატია კომიტეტების მოქმედი აქტიური წევრი. მე ბევრჯერ მომისმენია, აი რას აკეთებს ეს ან ის რგოლი და აშ. მოდით დაუსაბუთებელ კრიტიკას ან უბრალოდ კრიტიკას კრიტიკის გამო მოვრჩეთ, აი ბურთი, აი მოედანი, მოდით ბატონო და გააკეთეთ, ის რაც სოციალური ქსელის თუ სხვა საშუალებით ვიცით მარტო როგორ კეთდება, ასე არ არის იცით, კრიტიკაც უნდა იყოს ჯანსაღი, თან არაფერი გავეკეთოთ, თან ვაკრიტიკოთ და არც სხვას არ ვაცალოთ, ეს ცალკარაა და ამას მე პირადად არ დავუშვებ, ელემენტარულად არ მომერიდება და ვიტყვი რომ ეს არ არის სწორი. მეორე მხრივ, საკომიტეტო საქმიანობაში ჩართვა იმის წინაპირობა არ არის რომ მაინცდამაინც ყველა კომიტეტი ან მათი წევრები ახალ კონტინენტს აღმოაჩენენ, თუმცა ინტერესს და სურვილს გზა უნდა გაეხსნას და ამავდროულად, ერთს არ გამოუვა, მეორე ეცდება, ასე კეთდება საქმე და არა ჩასაფრებულის პოზიციიდან, ეს უკანასკნელი დეგრადაციის, სტაგანაციის და მარგინალიზაციის ნიშანია და ამას არავის ვუსურვებ.
— ბ-ტ ირაკლი აუცილებლად უნდა გკითხოთ რეგიონებში მოქმედ ადვოკატებზე. რამდენად უზრუნველყოფილი არის მათი ჩართულობა ან როგორ გესახებათ მათი ჩართულობა ასოციაციის საქმიანობაში?
— იცით მე რაიმე სხვაობას ვერ ვხედავ თბილისსა თუ სხვა ქალაქებში მოქმედ ჩვენს წევრებს შორის, თუმცა ის ფაქტია, რომ დედაქალაქი გაცილებით განვითარებულია სხვადასხვა შესაძლებლობებით და ეს მაინცდამაინც ადვოკატების მაგალითზე არ ვგულისხმობ. თუმცა ასოციაცია ყოველთვის ცდილობდა და მე ნამდვილად მსგავსი პოლიტიკა მაქვს, რომ განსაკუთრებით რეგიონებში მოქმედ კოლეგებს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ თანასწორი წევრები არიან ამ დიდი ოჯახის. ერთი თავში მინდა აღვნიშნო, რომ 2019 წლიდან რეგიონებში მოქმედი კოლეგებისთვის საწევრო შეღავათი მოქმედებს და ამ ტრადიციის შეცვლას მე არ ვაპირებ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულწილად ორგანიზაციისთვის ფინანსური კუთხით მსგავსი მიდგომა შეიძლება არ იყოს მომგებიანი, თუმცა ეს ასე გაგრძელდება.
მეორე მხრივ, იანვრიდან დავნერგეთ მოდელი, რომ ნებისმიერ ადვოკატს, რომელიც არ იმყოფება ტრენინგის ჩატარების ადგილას აქვს ამ ღონისძიებაში დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა, რაც რა თქმა უნდა რეგიონებში მოქმედ კოლეგებზე ასევე ვრცელდება; ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიულ გაერთიანებას აქვს ძალზედ კარგი საოფისე ფართები ბათუმში, ქუთაისში და ზუგდიდში, სადაც ჩვენ უკვე დავიწყეთ ინფრასტურქტურულ გაუმჯობესებაზე ფიქრი, და მეორე მხრივ, ამ ფართების დატვირთვას და რეალურ გამოყენებას კოლეგა ადვოკატებისთვის. ამავდროულად უკვე შევქმენი თავმჯდომარესთან არსებული რეგიონალური საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც კურირებს კონკრეტული ხელძმღვანელი/პასუხისმგებელი პირი და თითოეული რეგიონიდან არის წარმომადგენლობა უზრუნველყოფილი, რათა მე ყოველთვის ვიცოდე მყისიერად თუ სად რა ხდება და რაიმე არ იყოს უყურადღებოდ დატოვებული. ამასთანავე, დავნერგე ტრადიცია, რომ ყოველ სამ თვეში ერთხელ ვიქნები თითოეულ რეგიონში და ეს ამ სამ თვეში უკვე შესრულდა და ასე გაგრძელდება, ისევე როგორც ვაორგანიზებთ და გეგმაში გვაქვს ამ მიმართულების გაძლიერება, სხვადასხვა ტიპის აქტივობებს რეგიონებში, როგორიც არის ტრენინგები თუ სხვადსახვა ფორმის სპორტული და კულტურული ღონისძიებები.
— და ბოლოს, რა არის უახლოეს მომავალში თქვენი გადმოსახედიდან გეგმაში ჩვენი ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე.
— მოდით ასე გეტყვით, განუხრელად განვითარების გზით სიარული, რა დროსაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა წევრის ჩართულობა და რაც მთავარია პროფესიის დამოუკიდებლობა ყოველ წამიერ იქნება ჩვენი პორიორიტეტი. ეს არის სამი ძირითადი ხაზი იმისა, თუ მე როგორ ვხედავ არა თუ უახლოეს არამედ ზოგადად მომავალს.
ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ კოლეგებს შევთავაზებთ დაზღვევის პაკეტს, რაზეც ორგანიზაციის აპარატი მუშაობს თვეზე მეტია, რათა შეძლებისდაგვარად კარგი პირობებით, იქნეს დაზღვევა უზრუნველყოფილი, ასევე მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში ამოქმედებული კომიტეტები, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივების კომიტეტი შეიმუშავეს ცვლილებათა პაკეტს ადვოკატთა დაბეგვრის ნაწილში, ისევე როგორც სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით რა ცვლილებების პაკეტს ჩვენ წარვუდგენთ პარლამენტს. გეგმები ბევრია და მე გპირდებით თქვენს სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით მათ აუცილებლად გავაშუქებთ ფართო საზოგადოებისთვის. მადლობა თქვენ!