ნიკო კვარაცხელია, გიგა ავალიანი, თამარ ბაჩალიაშვილი – სამი რეზონანსული საქმე და განახლებული სამართალი

ნიკო კვარაცხელია, გიგა ავალიანი, თამარ ბაჩალიაშვილი — ეს ის სახელებია, რომლებიც დღეს არა მხოლოდ ტრაგიკულ ქრონიკებს, არამედ საზოგადოებრივი სამართლიანობისთვის ბრძოლას უკავშირდება.

როგორც რიგითი მოქალაქე და ჟურნალისტი, ყოველდღიურად ვგრძნობ იმ მძიმე ტვირთს, რომელსაც მათი ოჯახები ატარებენ. ქალბატონი იზა ომიაძის ყოველი სოციალური აქტივობა ნიკოს შესახებ ჩემთვის პერსონალური ტკივილია. ეს არის დედის დუმილი და ყვირილი ამავდროულად, რომელსაც ვერც მე და ვერც საზოგადოებამ ჯერჯერობით ვერაფერი დავუპირისპირეთ, რადგან მთავარი კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია.

ბრძოლა სიმართლისთვის: დედების გმირობა

ამ საქმეების ხელახალი გააქტიურება და გამოძიების ახალ ფაზაში გადასვლა, დიდწილად, კიდევ ერთი გმირი დედის, ეკა კუპატაძის დამსახურებაა. გიგა ავალიანის დედამ შეძლო შეუძლებელი — მან სხვა შვილმკვდარ მშობლებს იმედი დაუბრუნა და დაანახა, რომ უსამართლობასთან შეგუება დანაშაულის ტოლფასია.

ბოლო პერიოდში  საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან  პოზიტიური დინამიკა შეინიშნება. უწყება გიორგი გვარაკაძის ხელმძღვანელობით თითქოს შვილმკვდარი დედების ინტერესების დამცველ მხარედაც კი მოგვევლინა. ამავე მოლოდინით მიმართეს პროკურატურას თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმაც. მათი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, რომელიც ამჟამად ემიგრაციაშია, წლების განმავლობაში იმ ხარვეზებსა და კითხვის ნიშნებზე  მიუთითებდა, რომელიც ყოველთვის პასუხგაუცემელი რჩებოდა.

ინტელექტუალური დანაკარგი:  ვინ დაკარგა ქვეყანამ?

ჩვენ არ ვგლოვობთ მხოლოდ სტატისტიკურ ერთეულებს; ჩვენ ვგლოვობთ ქვეყნის ინტელექტუალურ პოტენციალს:

  • ნიკო კვარაცხელია — ქართული ტექნოლოგიური სფეროს ნოვატორი, რომელმაც “ფეისბუკის” ქართული ანალოგი შექმნა და მომავალ თაობებს, დარწმუნებული ვარ,  საამაყო მემკვიდრეობა დაუტოვა.
  • თამარ ბაჩალიაშვილი — ნიჭიერი პროგრამისტი, რომელიც საკუთარ პროფესიაში უკვე აღიარებული და წარმატებული გახლდათ.
  • გიგა ავალიანი — პედაგოგი, რომელმაც ამ კეთილშობილური პროფესიის დასაუფლებლად დიდი გზა გაიარა, თუმცა მისი ცოდნის გაზიარება მომავალი თაობებისთვის აღარავინ აცალა.

რაღა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას და წინასწარ დამნაშავედაც ვერავის გამოვაცხადებ — ეს სასამართლოს პრეროგატივაა. თუმცა, საინფორმაციო სააგენტო „ადვოკატის ხმა“ თვალს მიადევნებს მოვლენათა განვითარებას და ამ  სამი რეზონანსული საქმის ირგვლივ საზოგადოებას  სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის.

Author

Related posts

სამართალი და ხელოვნება – ადვოკატთა ასოციაციაში ორგანიზაციის წევრთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

თაღლითური სქემა: როგორ აღმოჩნდა ერთი ოჯახის ქონება მევახშის ხელში?

სამეზობლო სამართალი – რას გულისხმობს თმენის ვალდებულება და რა უფლებები აქვთ მეზობლებს?