საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ნემსიწვერიძის ხელმძღვანელობით, კომიტეტის წევრებთან პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და სამომავლო სამუშაო გეგმები განიხილეს.
შეხვედრა დაგეგმილი სამუშაო ფორმატით წარიმართა. ყურადღება გამახვილდა სისხლის სამართლის პროცესში დაცვის მხარის უფლებების გაძლიერებასა და ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის პირობების გაუმჯობესებაზე. კომიტეტის წევრებმა წარმოადგინეს წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავს პრაქტიკაში არსებული ყოველდღიური პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ნემსიწვერიძემ ხაზი გაუსვა, რომ კომიტეტი არის სივრცე, სადაც პროფესიული გამოწვევები კონკრეტულ ინიციატივებად, სარეკომენდაციო პაკეტებად და საკანონმდებლო წინადადებებად უნდა ჩამოყალიბდეს.
ბექა ნემსიწვერიძემ კოლეგებს აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ ადვოკატს აქვს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად მიმართოს კომიტეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.
„ჩვენი მიზანია პროფესიული თანამშრომლობა და პრობლემების ღია განხილვა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კოლეგის ხედვა და პრაქტიკული გამოცდილება აისახოს იმ რეკომენდაციებში, რომლებსაც კომიტეტი შეიმუშავებს ადვოკატების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად“, — განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის კომიტეტში გაწევრიანების მსურველთა განაცხადების მიღება 2026 წლის 1 აპრილამდე გრძელდება. კომიტეტის თავმჯდომარე მოუწოდებს დაინტერესებულ კოლეგებს, აქტიურად ჩაერთონ კომიტეტის საქმიანობაში და მიაწოდონ საკუთარი იდეები იმ საკითხებზე, რომლებიც დაცვის მხარის პოზიციების გაძლიერებას ემსახურება.