2026 წლის 7 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ წინააღმდეგ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობ-პროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის თეო ხუჭუას სარჩელი, დავის საგანზე: ცილისწამებლური განცხადებების უარყოფა, არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა საქმეზე მიღებული 2025 წლის 16 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ორგანიზაციამ 2024 წლის 30 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსს, ხოლო წერილის ასლი გადაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და სახალხო დამცველს, რომლის შინაარსიც ეხებოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის სადავო პერიოდში დასაქმებული ექსპერტის, ნინო კობალაძის საქმეს. თავის მხრივ, ბიუროს სადავო პერიოდში დასაქმებლმა ექსპერტმა ნინო კობალაძემ იურიდიული დახმარების აღმოჩენის მიზნით მომართა ორგანიზაციას და ისარგებლა ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და სახალხო დამცველის მიმართ გაგზავნილ წერილში აღინიშნა, რომ ორგანიზაციამ სრულად შეისწავლა საქმის მასალები: ბრძანებები, მოხსენებითი ბარათები, შიდა უწყებრივი მნიშვნელობის წერილები, დასკვნები და შეფასებები, რომლის შესაბამისადაც ცალსახად მიიჩნია, რომ დასაქმებული ექსპერტის მიმართ არსებული მდგომარეობა სცდებოდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობის ნორმალიზების ფარგლებს, პროფესიული აზრის პატივისცემისა და დამსაქმებელი ორგანიზაციის საჯარო, დეკლარირებულ პრინციპების დაცვას და კუმულაციურად, ადგილი ჰქონდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს შრომის კოდექსით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ევროკონვენციითა და სხვა რატიფიცირებული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევას. შესაბამისად, მოთხოვნილი იქნა დაუყოვნებლივი რეაგირება.
ვინაიდან 2024 წლის 30 ივლისის წერილი შეეხებოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის, პაატა თუშურაშვილის, მისი მოადგილე დოდო ჩორგოლაშვილისა და ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის თეო ხუჭუას მოქმედებების ერთობლიობას, ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნულმა დასახელებული თანამდებობის პირების ერთობლივი გაღიზიანება გამოიწვია და მათ, როგორც ექსპერტის ინტერესების დამცველ ორგანიზაციას სასამართლოში უჩივლეს. სამწუხაროდ, მომჩივანმა მხარემ სამართლებრივი პროცესი ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელის პერსონალური შურისძიების, დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის საგნად აქცია და რჩება შთაბეჭდილება, რომ წარმოდგენილი სარჩელები ემსახურება ექსპერტის წინააღმდეგ არსებულ პასუხისმგებლობებში ალიბის შექმნას.
თეო ხუჭუა სასამართლო წესით მოითხოვდა – მოპასუხე ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატებს” დაევალოს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განცხადების გაგზავნა მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ შემდეგი ფორმით: მოპასუხე, ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატების” მიერ განცხადებით (ა.ა. N037, 30 ივლისი, 2024) გაკეთებული განცხადებები: „თეო ხუჭუას მხრიდან ადგილი აქვს ყველა სახის არაადამიანურ, მტრულ დამოკიდებულებას, ბულინგს და მოხსენებით ბარათებსა თუ კომენტარებში შეუფერებელი, შეურაცხმყოფელი გამოსვლები აქვს დაფიქსირებული ნინო კობალაძის მიმართ” – არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება“. (სტილი დაცულია).
ორგანიზაციამ სასამართლოს წინაშე თავდასხვა განმარტა, რომ აუცილებელია დაცულ ყოფილიყო ბალანსი, ერთის მხრივ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, პროფესიულ სტანდარტებსა და საადვოკატო საქმიანობას შორის და მეორეს მხრივ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის დაცვის უფლებას შორის. სარჩელი, უწინარესს ყოვლისა, რეპუტაციული მნიშვნელობის საქმეს წარმოადგენდა და ემსახურებოდა პირდაპირ თუ ირიბად საადვოკატო დაცვისა და სტრატეგიული სამართალწარმოების განხორციელების პირობებში დაბრკოლებების შექმნას, საზოგადოებრივი ნდობისა და სახელის შებღალვას, საქმიანობაში საზოგადოებრივი სიკეთის დაცვისკენ მიმართული ძალისხმევის დათრგუნვას. ამასთან, კლიენტსა და ადვოკატს შორის ურთიერთობაში ჩარევას და დაცვის სტრატეგიაში შემოსვლას, რაც ორგანიზაციის აზრით, იყო დაუშვებელი. შესაბამისად, ორგანიზაციის შეფასებით, სადავო საკითხის გადაწყვეტა უნდა მომხდარიყო, როგორც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის, ასევე „ადვოკატთა შესახებ” კანონიდან გამომდინარე პრინციპების ურთიერთშეჯერებით. დასაცავი პირის საქმეზე ოფიციალური პირის მიმართ გაგზავნილი წერილის შინაარსზე სასამართლოს კონტროლი გამოიწვევდა არამხოლოდ დასაცავი პირის დათრგუნვას, არამედ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების არსის მნიშვნელოვან დაზიანებას.
ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები აღნიშნავს, რომ ქართული დემოკრატიის პირობებში, პირველი პრეცედენტია, როდესაც საჯარო დაწესებულების მოხელეებმა, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და სახალხო დამცველის მიმართ გაგზავნილი წერილების გამო, სამოქალაქო ორგანიზაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ორგანიზაცია კატეგორიულად არ ეთანხმება პოზიციას, რომ მომჩივანი მოქმედებს, როგორც ფიზიკური პირი, მაშინ, როდესაც ორგანიზაციის წერილი მომზადდა მომჩივანთა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული ახსნა-განმარტებების შეფასების საფუძველზე და მათი, როგორც თანამდებობის პირების მოხსენებითი ბარათები დაედო საფუძვლად დასაცავი პირის დისციპლინურ სახდელებსა და სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც პაატა თუშურაშვილის, არც დოდო ჩორგოლაშვილისა და არც თეო ხუჭუას შუამდგომლობები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე. კერძოდ, სასამართლომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი უწოდა პაატა თუშურაშვილის, დოდო ჩორგოლაშვილისა და თეო ხუჭუას მოთხოვნებს ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატებს დავალებოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილიყო განცხადება იმ შინაარსით, რომ სასამართლოში მიმდინარეობდა ცილისწამების დავა, რაც პროცესუალური თვალსაზრისითაც – აბსურდია.
სინამდვილეში, პაატა თუშურაშვილის, დოდო ჩორგოლაშვილისა და თეო ხუჭუას სარჩელებს აქვთ ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატების რეპუტაციის შელახვის მიზანი და მათი არჩევანი თრგუნავს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს. შექმნილია სახიფათო პრეცედენტი, როდესაც საჯარო უწყებას მომავალში ექნება თვითნებობის იმგვარი ფარგლები, როდესაც ადამიანის უფლებების სფეროში ჩართული ორგანიზაციების წერილებზე შეეძლებათ მოტივირებული სარჩელების აღძვრა.
ორგანიზაცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ცალსახად, პაატა თუშურაშვილის, დოდო ჩორგოლაშვილისა და თეო ხუჭუას შეთანხმებული და ორგანიზებული მოქმედება წარმოადგენს თავდასხმას თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელსა და დამოუკიდებელ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაზე, რომლის მიზანია დაშინება, დათრგუნვა და კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე უარის თქმა.ამასთან, დაპირისპირება უფლებადამცველ ორგანიზაციასთან დარღვეული უფლების შეფასების გამო უწყებისთვის გაგზავნილი წერილის გამო, ცალსახად აზიანებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ საზოგადოებრივ ნდობას, რომელიც უკვე პირველი სახელმწიფო უწყება გახდა, რომლის მოხელეებმაც კრიტიკული წერილის გამო სასამართლოს მიმართეს.
ცნობისთვის: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობ-პროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა თეო ხუჭუამ სასამართლოს სარჩელით 2024 წლის სექტემბერში მიმართა. ორგანიზაციის ინტერესები საქმეზე ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა და იურისტმა, ანი კესარელმა წარმოადგინეს, მოპასუხის ინტერესები კი – გოდერძი გრიგალაშვილმა. საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებმა: შალვა კაკაურიძემ (თავმჯდომარე), ლაშა თავართქილაძემ და გოჩა დიდავამ განიხილეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ზვიად ესებუამ. სხვა მოსამართლის წარმოებაშია და შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ მიღებულა პ. თუშურაშვილისა და დ. ჩორგოლაშვილის იდენტურ სარჩელებზე.