„გამოსახლების ღონისძიების გატარება ამ ეტაპზე პირდაპირ საფრთხეს უქმნის პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“ – ადვოკატი ლევან ჭიღლაძე იუსტიციის მინისტრს – პაატა სალიას მიმართავს მიმართავს.
” მიმდინარე წლის 18 ივნისს, ქალაქ გორში დაგეგმილია ნაზო კურტანიძისა და მისი მეუღლის, ჯუმბერ ახალკაცის, საცხოვრებელი ბინიდან იძულებითი გამოსახლების პროცედურა.
როგორც ნაზო კურტანიძის ინტერესების დამცველი, საჯაროდ მივმართავ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ბატონ პაატა სალიას, რათა მან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული საკითხი აიყვანოს პირად კონტროლზე და არ დაუშვას გამოსახლების აღსრულება. აღნიშნული მოთხოვნა ეფუძნება საქმეში არსებულ მყარ სამართლებრივ საფუძვლებს:
-
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და სასამართლო წარმოება: ჯუმბერ ახალკაცი არის მძიმედ ავად, რაც დასტურდება საქმეში არსებული არაერთი ოფიციალური სამედიცინო ცნობით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გორის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე მეურვეობის დანიშვნის შესახებ. არსებულ ვითარებაში გამოსახლების ღონისძიების გატარება პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
-
მიმდინარე სისხლის სამართლებრივი გამოძიება: გორის რაიონულ პროკურატურაში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება იმ უძრავ ქონებას, საიდანაც ოჯახის გამოსახლებას ცდილობენ. ვიდრე სამართალდამცავი ორგანოები საბოლოოდ არ დაადგენენ დანაშაულის არსებობას, ქონებაზე სამოქალაქო აღსრულების წარმოება ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მძიმე და შეუქცევადი შედეგების თავიდან აცილებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები 18 ივნისს დაგეგმილი გამოსახლების პროცესის შესაჩერებლად.” – აცხადებს ლევან ჭიღლაძე.
ამავე თემაზე: თაღლითური სქემა: როგორ აღმოჩნდა ერთი ოჯახის ქონება მევახშის ხელში?
სხვა თემები : ლევან ჭიღლაძე – რედაქტორის სვეტი