ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია, რომელიც გუშინ დაიწყო, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. წელს საგამოცდო პორტალზე წინასწარი რეგისტრაცია 1000-მდე მონაწილემ გაიარა.
საგამოცდო სესიები 2, 3 და 4 ივნისს არის დაგეგმილი და მონაწილეები ტესტირებას სისხლის, სამოქალაქო და საერთო სპეციალიზაციით გადიან. აღსანიშნავია, რომ ასოციაცია საკვალიფიკაციო გამოცდებს წელიწადში ორჯერ, სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ ელექტრონულ პორტალზე ატარებს. საგამოცდო ბარიერის გადალახვის შემდეგ, ასოციაციაში გაწევრიანების მსურველები პროფესიული ადაპტაციის პროგრამას გაივლიან, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს მოიცავს.
მიმდინარე საგამოცდო პროცესსა და პროფესიის მიმართ არსებულ მაღალ ინტერესს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი გამოეხმაურა:
„მოხარული ვარ, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მიმდინარე საგამოცდო სესიაზე რეგისტრირებულთა მაღალი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადვოკატის პროფესია საზოგადოებაში სულ უფრო მეტ ინტერესსა და ნდობას იძენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროფესიას უერთდებიან მოტივირებული და კვალიფიციური ახალგაზრდები, რომლებიც მომავალში ღირსეულად უნდა ემსახურონ სამართალსა და ადამიანის უფლებების დაცვას.
ადვოკატის პროფესია დამოუკიდებელი პროფესიაა, რომელიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. სწორედ ადვოკატი წარმოადგენს იმ რგოლს, რომელიც მოქალაქეთა და ბიზნესის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს პროფესიის გაძლიერებას, მაღალი სტანდარტების დამკვიდრებასა და იმ პირობების შექმნას, რომლებიც ადვოკატის პროფესიის განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“.
საგამოცდო სესია ხვალ, 4 ივნისს დასრულდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება იმ მონაწილეთა ვინაობა, ვინც საადვოკატო საქმიანობისთვის საჭირო მომდევნო ეტაპზე გადაინაცვლებს.