ადვოკატთა ასოციაციის წევრები  დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად ერთიანდებიან

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქველმოქმედო აქტივობებს აგრძელებს. თბილისის ბავშვთა სახლისა და ხანდაზმულთა თავშესაფრის შემდეგ, ასოციაციის წევრები ამჯერად, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან (1 ივნისი) დაკავშირებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად ერთიანდებიან.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში და ადვოკატთა ასოციაციის სოციალური ფონდის ორგანიზებით, 31 მაისს, 16:00 საათზე, ადვოკატთა ასოციაციის ტერიტორიაზე სპეციალურად ადვოკატების შვილებისთვის საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.

“ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით აღიარებულია ბავშვის უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე სრულყოფილი მომსახურებით, ავადმყოფობათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საშუალებებით. ამასთანავე, არცერთ ბავშვს არ უნდა შეელახოს ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უფლება.

საქართველოს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად, ბავშვს აქვს უფლება, მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს უმაღლესი შესაძლო სტანდარტით. სახელმწიფო ვალდებულია, ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზება უზრუნველყოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სერვისებსა და დაწესებულებებზე რეალური, დროული და ეფექტიანი ხელმისაწვდომობით, აგრეთვე უსაფრთხო და უვნებელი გარემოს შექმნით.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და აღმასრულებელი საბჭოს თითოეული წევრი სოლიდარულია ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის პროცესში. ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს ეს განსაკუთრებულად სჭირდებათ, რადგან თითოეულ ბავშვს აქვს ჯანმრთელობის დაცვისა და ჯეროვანი სამედიცინო მომსახურების მიღების ხელშეუვალი უფლება. დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების საჭიროებების დროული დაკმაყოფილება არა მხოლოდ ახანგრძლივებს მათ სიცოცხლეს, არამედ რადიკალურად აუმჯობესებს მის ხარისხს, რაც მათ საშუალებას აძლევს იცხოვრონ ღირსეულად და ტკივილის გარეშე.

ვიმედოვნებთ, რომ ბავშვთა უფლებები და ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე თითოეული ჩვენგანის ჩართულობით, რაც უმოკლეს ვადაში მათი საჭიროებების სწორ უზრუნველყოფასა და მხარდაჭერას გულისხმობს.

აღნიშნულ საკითხზე ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ დამატებით იმსჯელა 16 მაისის სხდომაზე და საბჭოს გადაწყვეტილებით ასოციაციაში გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიში, სადაც თითოეულ წევრს შესაძლებლობა აქვს, თანხა ჩარიცხოს.

შემოსული თანხა 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სრულად გადაეცემა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ოჯახებს, რითაც მცირედ წვლილს შევიტანთ ბავშვების საჭიროებების უზრუნველყოფაში.

თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

GE97BS0000000004836001

მიმღები სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

დანიშნულება – დიუშენის სინდრომის ბავშვებისთვის!

დავეხმაროთ ბავშვებს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით!”- ნათქვამია “ადვოკატთა ასოციიაციის” განცხადებაში…

წყარო:  ადვოკატთა ასოციაცია

Author

Related posts

სტრასბურგის შეფასებით, TikTok-ზე მილაძის უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება

ირაკლი ჩილინგარაშვილი EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა

15 მაისი მოსამართლის პროფესიული დღეა