მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში მცხოვრები ნადირ ნაზაროვი დახმარებისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართავს. დავის საგანს მეზობლებს შორის არსებული საერთო სარგებლობის გზა წარმოადგენს, რომელიც, ნაზაროვის განცხადებით, საჯარო რეესტრის მონაცემების გაყალბების გზით, კერძო საკუთრებაში გადავიდა (საკადასტრო კოდზე №83.16.14.368.),
ამ დროისთვის მარნეულის რაიონის პოლიციის სამმართველოში უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე (№031190625003), სსკ-ის 362-ე მუხლით, რაც დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გაყალბებას, დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს.
ნადირ ნაზაროვის განმარტებით:
-
მას და მის მეზობლებს (ჯამალ და ქანან ნაზაროვებს) ისტორიულად ჰქონდათ საერთო შესასვლელი და გზა.
-
აზომვითი ნახაზის კონფიგურაციის შეცვლითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (ყოფილი გამგეობის) ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე, მეზობლებმა დაადასტურეს, რომ სადავო გზა მათ საკუთრებაში იყო.
-
შედეგად, საჯარო რეესტრმა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში გზა ჯამალ ნაზაროვს დაურეგისტრირა.
ნადირ ნაზაროვი საჯარო რეესტრის საარქივო ცნობასა და მეზობლების მიერ წარმოდგენილ ნახაზს შორის არსებით შეუსაბამობაზე მიუთითებს. საუბრობს ასევე საჯარო მოხელეების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე. მისი თქმით, მოხდა იმ საკადასტრო გეგმის რეაქტივაცია (რეგისტრაცია №882024890756), რომელიც ერთხელ უკვე გაუქმებული იყო.
„ჩვენ ოდითგანვე გვქონდა საერთო გზა, რომელიც არავის ეკუთვნოდა. მეზობლებმა, მუნიციპალიტეტისა და რეესტრის ხელშეწყობით, გააყალბეს ნახაზი და მიითვისეს საერთო ფართობი. სიყალბე რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით დავადასტურეთ“, — აცხადებს ნადირ ნაზაროვი.
დაზარალებული მხარე შიშობს, რომ ადგილობრივ დონეზე გამოძიება ეფექტური არ იქნება. ნაზაროვი ხაზს უსვამს რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას დოკუმენტების გაყალბების კუთხით და მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს დროული რეაგირებისკენ, რათა დავა ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მარნეულის რაიონში ამ კუთხით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. საჯარო რეესტრი, ნაცვლად კანონის დაცვისა, ფაქტობრივად, ხელს უწყობს თაღლითურ სქემებსა და დოკუმენტაციის გაყალბებას. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ფორმალურად დაიწყო, არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ნაკლებად მჯერა, რომ იგი რეალურ შედეგამდე მივა.
მეზობლებს შორის დავა უკვე სახიფათო ზღვარს უახლოვდება და სახელმწიფოს მიმართ მიჩნდება ლოგიკური კითხვა: მაინცდამაინც ფიზიკურ დაპირისპირებამდე და ტრაგედიამდე უნდა მივიდეს საქმე, რომ შესაბამისმა უწყებებმა ყურადღება მოგვაქციონ? მე ვითხოვ მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას, რისთვისაც მივმართავ გენერალურ პროკურორს — პირადად დაინტერესდეს ამ საქმით, რათა კანონმა საბოლოოდ იკანონოს“, — აცხადებს ნადირ ნაზაროვი.
გაქვთ რაიმე მოსაზრება?
გაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია ან დატოვეთ მოკლე პასუხი — სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრს!