ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, სერგი ჯორბენაძის მონოგრაფიის – „ხელოვნური ინტელექტი კერძო სამართალში“ – პრეზენტაცია მოეწყო.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სამართლებრივ სივრცეში თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევებისა და კერძო-სამართლებრივი ასპექტების ინტერდისციპლინური კვლევის შედეგების წარდგენას აკადემიური და პრაქტიკული წრეებისათვის.
სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციას ესწრებოდნენ დარგის წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები, იურისტ-პრაქტიკოსები და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული პირები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გამოცემის საერთაშორისო პარტნიორებმაც, მათ შორის:
-
პროფ. თომას ჰოერენმა – წიგნის რედაქტორმა, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორმა და ინფორმაციის, ტელეკომუნიკაციებისა და მედიასამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა;
-
სილვია შმიდმა – გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის („DAAD“) თბილისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა.
პრეზენტაციის ფარგლებში, ნაშრომის აქტუალობასა და მის სამეცნიერო ღირებულებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მორის შალიკაშვილმა, პროფესორმა ბესარიონ ზოიძემ, აკაკი გაწერელიამ და უშანგი ბახტაძემ.
სპიკერებმა ხაზი გაუსვეს ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების მზარდ მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი ნაშრომი ფუნდამენტურ როლს შეასრულებს როგორც ქართული საუნივერსიტეტო განათლების, ისე სამართალგამოყენებითი პრაქტიკის განვითარებაში.
წყარო: თსუ იურიდიული ფაკულტეტი
გაქვთ რაიმე მოსაზრება?
გაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია ან დატოვეთ მოკლე პასუხი — სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრს!