ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა

საადვოკატო ექსპერიმენტი ბიუროკრატიის წინააღმდეგ: როგორ დაამსხვრია თბილისის მერთან შეხვედრამ დამკვიდრებული სტერეოტიპები

ავტორი Admin-TM
36 ნახვა

თბილისში ავარიული და ძველი შენობების ჩანაცვლების მასშტაბური პროგრამა დიდი ხანია აქტიურ ფაზაშია, თუმცა ამ პროცესის მიღმა ხშირად დგას კონკრეტული ადამიანების ბედი, სამართლებრივი ბარიერები და მოქალაქეების სკეპტიციზმი. რამდენად ხელმისაწვდომია დედაქალაქის ხელმძღვანელობა რიგითი თბილისელებისთვის და მუშაობს თუ არა რეალურად დიალოგის პრინციპი?

ამ თემაზე საკუთარ უნიკალურ გამოცდილებასა და თავისებურ „საადვოკატო ექსპერიმენტზე“  პლატფორმა „ადვოკატის ხმის“ დამფუძნებელი, იურისტი და ჟურნალისტი ლევან ჭიღლაძე გვესაუბრება, რომელიც ამჟამად ყაზბეგის გამზირის N28-ის მაცხოვრებლების ინტერესებს იცავს.

მოულოდნელი შეთავაზება და საფუძვლიანი ეჭვები

ყველაფერი საკმაოდ სპონტანურად, თუმცა საინტერესოდ დაიწყო. ზემოხსენებული კორპუსის ჩანაცვლების პროცესის ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა, ქალბატონმა ნინო შენგელიამ, ლევან ჭიღლაძეს ქალაქის მერთან მიღებაზე განცხადების დაწერა და შეხვედრაზე თანხლება სთხოვა.

ლევან ჭიღლაძის თქმით, სკეპტიკურად განწყობის მიუხედავად, როგორც ადვოკატი, წინადადებას მაშინვე დათანხმდა. სკეპტიციზმის მიზეზად კი საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპი დაასახელა, რომლის თანახმადაც კახა კალაძესთან მოხვედრა რიგითი მოქალაქისთვის თითქმის შეუძლებელი და ბიუროკრატიულად გადაულახავი ბარიერია. მისივე განცხადებით, საკუთარ მარწმუნებელს მერიაში „ურწმუნო თომასავით“ გაჰყვა, თუმცა რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

დაბნეული ადვოკატი და დამსხვრეული სტერეოტიპები

როგორც ლევან ჭიღლაძე იხსენებს, შეხვედრის პირველივე წუთებიდანვე ნათელი გახდა, რომ ფორმალური მიღების ნაცვლად, საქმე რეალურ, შინაარსობრივ დიალოგთან ჰქონდათ – ნინო შენგელიას, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებსა და მაცხოვრებელთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობდა,  დედაქალაქის მერმა გულდასმით მოუსმინა. კალაძის პასუხი იყო კონკრეტული და მკაფიო –  ხელისუფლება არანაირ წინააღმდეგობას არ შეუქმნიდა, თუკი მოიძიებდნენ საიმედო ინვესტორს, რათა ყაზბეგის N28-ში მდებარე ავარიული მრავალბინიანი სახლის მაცხოვრებელთა ბედიც დადებითად გადაწყვეტილიყო.

ლევან ჭიღლაძე: „გულახდილად გეტყვით — ცოტა დავიბენი კიდეც. ეს დაბნეულობა ბევრი ფაქტორით იყო გამოწვეული. პირველ რიგში იმიტომ, რომ არ მჯეროდა, თუ ქალაქის თავი ამ მასშტაბურ საკითხს ასე ოპერატიულად, ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე გადაწყვეტდა. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც თითქმის ყოველდღე ვხედავთ, თუ რა სიცრუის ორომტრიალში ამყოფებს მერს ზოგიერთი მედიასაშუალება.“

ჭიღლაძის ინფორმაციით, მერმა სიტყვა საქმედ იქვე, შეხვედრაზევე აქცია, რაც საჯარო მოხელეების მხრიდან მსგავსი პრობლემების განხილვისას საკმაოდ იშვიათი პრეცედენტია.

მისივე თქმით, კახა კალაძემ თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს,  ნინი ბაგაშვილს და ნათია ჭელიძეს საქმის პირად კონტროლზე აყვანა და პროცესისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა დაავალა. ლევანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური დაპირება, ეს იყო მყისიერი და ეფექტური ადმინისტრაციული რეაგირება.

ლევან ჭიღლაძე: დღეის მდგომარეობით პროცესი უკვე სამართლებრივ და პრაქტიკულ კალაპოტშია გადასული. შეხვედრის დასრულებიდან მალევე, პოტენციური ინვესტორი მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა. ამჟამად   ტექნიკური დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.

„ადვოკატის ხმის“ დამფუძნებელი ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ საკითხი საბოლოოდ წარმატებით დაგვირგვინდება, რის შედეგადაც ათეულობით ოჯახი უსაფრთხო, ახალ და თანამედროვე ბინებს მიიღებს.

იურისტი ღიად საუბრობს იმ გამოხმაურებებზეც, რაც შესაძლოა მის ამ პოზიციას მოჰყვეს, თუმცა საკუთარ პროფესიულ და ობიექტურ შთაბეჭდილებას პირველ ადგილზე აყენებს:

ლევან ჭიღლაძე: „ვიცი, ამ ინფორმაციას ჩემი ოპონენტები სხვანაირად გაიგებენ, მაგრამ ვამბობ იმას, რაც ჩემი, როგორც ადვოკატის ექსპერიმენტის შედეგად ვნახე. მე ნამდვილად ასეთი დადებითი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და იმედია, ეს მოლოდინი ბოლომდე გამართლდება ქალაქის თავის მხრიდან, რომლის ყურადღებამაც ძალიან მომხიბლა.

ჩემმა საადვოკატო ექსპერიმენტმა აბსოლუტურად გაამართლა. დღეს, ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურისა და სარჩულის გარეშე, როგორც იურისტმა და ჟურნალისტმა, თამამად შემიძლია ვთქვა – თბილისს ნამდვილად ჰყავს საქმეზე ორიენტირებული, ყურადღებიანი და მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული მერი”

 

Author

გაქვთ რაიმე მოსაზრება?

გაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია ან დატოვეთ მოკლე პასუხი — სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრს!

Focus Mode
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00
„გსურთ მიიღოთ უახლესი სამართლებრივი სიახლეები პირდაპირ ტელეფონზე?“ დიახ არა, გმადლობთ